დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ნოემბრიდან ზოგიერთ პროფესიულ ჯგუფში საჭირო იქნება კორონავირუსის ვაქცინა გახდეს სავალდებულო.

"იმასაც ამბობენ, რომ ეს [აცრა] რომ სავალდებულო იყოს, მაშინ შეიძლება ეს მე გავიკეთო [...] ვფიქრობ, რომ მაინც, რა თქმა უნდა, ჩვენ ნოემბერში გადაწვეტილებები დაგვჭირდება რიგ პროფესიულ ჯგუფებში სავალდებულოობასთან დაკავშირებით", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ იმედის ეთერში.

ამირან გამყრელიძეს აქამდეც არაერთხელ უთქვამს, რომ მხარს უჭერს სავალდებულო ვაქცინაციას, თუნდაც გარკვეული პროფესიულ ჯგუფებში, მაგალითად, პედაგოგებისთვის. გამყრელიძის აზრს იზიარებს მისი მოადგილე, პაატა იმნაძეც. იმნაძის განცხადებით, ევროპაშიც უამრავი ქვეყანაა, სადაც პროფესიული ნიშნით ვაქცინაცია სავალდებულოა. კოლეგების აზრს იზიარებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძეც. მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სავალდებულო უნდა იყოს პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის და ორსულებისთვის. ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ამ ინიციატივაზე მთავრობა მზაობას არ გამოხატავს.

დღეს, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებს. რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ თეორიულადაც კი არ არსებობს ალბათობა, რომ ძალდატანებით მოხდეს რომელიმე პირის ვაქცინაცია.