ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით პენიტენციური სამსახურის მე-18 სამედიცინო დაწესებულებას აქვს სრული აღჭურვილობა როგორც გადაუდებელი დახმარების, ისე ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციისთვის. მისი განცხადებით, იმ სამედიცინო დაწესებულების ხარისხი, სადაც იუსტიციის სამინისტრო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას გეგმავს, სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს,

"კლინიკას აქვს სრული აღჭურვილობა იმისთვის, რომ მან აწარმოოს უსაფრთხო სერვისი, როგორც გადაუდებელი დახმარების, ასევე ინტენსიური თერაპიის და რეანიმაციის მიმართულებით [...] აქ არის ყველა პირობა, ტექნოლოგიური, იმისთვის, რომ ინტენსიური თერაპია და პაციენტზე დაკვირვება განხორციელდეს უსაფრთხოდ", — განაცხადა თამარ გაბუნიამ რუსთავი 2-ის ეთერში.

თამარ გაბუნიამ და იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღეს ე.წ. ციხის საავადმყოფო დაათვალიერეს და იქ არსებულ პირობებს გაეცნენ.

დღეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ პენიტენციური სამსახურის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ არის აღჭურვილი იმ აპარატურით, რაც საჭიროა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისა და მკურნალობისთვის. მისი ინფორმაცით, ე.წ. ციხის საავადმყოფოში არ არის მაგნიტორეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატები, დოპლერი და ა.შ.

ნიკა გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის ჯანმრთელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკი გულის გაჩერებაა. შესაბამისად, აუცილებელია ის ისეთ საავადმყოფოში გადაიყვანონ, სადაც სრულად იქნება შესაძლებელი კარდიოლოგიური მომსახურების მიღება.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა საჯაროდ მიმართეს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძეს და სთხოვეს განმარტება — არის თუ არა ე.წ. ციხის საავადმყოფო იმ ტიპის მულტიფუნქციური დაწესებულება, რომელიც განსაზღვრა კონსილიუმმა სააკაშვილის სამკურნალოდ. გარდა ამისა, გვარამია მიმართავს სახალხო დამცველს და შეისწავლოს, შეესაბამება თუ არა ე.წ. ციხის საავადმყოფო C კატეგორიის, მულტიფუნქციური კლინიკის სტანდარტებს.

დღესვე, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა შეისწავლეს მე-18 სამედიცინო დაწესებულება და განაცხადეს, რომ იგი სრულად არ შეესაბამება ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებს. ასევე, არსებობს რისკები ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებაზეც.

გაიგე მეტი: