"შეწყვიტე რა, ეს ვითომ შიმშილობა, დაანებე თავი, რა სიკვდილი... ვის ეპოზიორები ან რას იმას შვები", — ამ სიტყვებით მიმართა ჭყოდნიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტამა, სტეფანე კალაიჯიშვილმა მიხეილ სააკაშვილს. მიტროპოლიტმა ქადაგებისას ის სასულიერო პირებიც გააკრიტიკა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ და საყოველთაო შერიგებაზე საუბრობენ.

მიტროპოლიტი ამბობს, რომ შერიგება შესაძლებელია ითხოვონ სასულიერო პირებმა, რომლებმაც ხალხს ქადაგება და სიყვარული დააკლეს და "რაღაცები გამორჩათ".

"შეწყვიტე რა, ეს ვითომ შიმშილობა, დაანებე თავი, რა სიკვდილი... ვის ეპოზიორები ან რას იმას შვები, თუ მართლა გინდა შერიგება, დაიწყე, შევხედავთ და მერე ვნახოთ რა იქნება კაცო, ესეა. ისინიც დგანან, ეს სასულიერო პირები და საყოველთაო შერიგება და რაღაცა, ვითომ ის არის, რა ჰქვია, აიღე და მოგინდა და შერიგდები უცებ, რა, ვითომ ეს შენზეა დამოკიდებული მარტო.

შერიგება არის დამოკიდებული ვისთანაც რიგდები იმაზეც და შენდობას ვითხოვთ, კიბატონო, კაი ვითხოვოთ შენდობა იმისთვის, რომ ჩვენ ესეიგი რაღაცა დავაკელით ხალხს, ქადაგება, სიყვარული, რაღაცები გამოგვრჩა, კიბატონო, ახლა სრულყოფილი ქადაგება უფალს ჰქონდა, მაგრამ უფალსაც ჰყავდა მოწინააღდეგეები", — თქვა მიტროპოლიტმა.

აღსანიშნავია, რომ 17 ოქტომბერს, საკვირაო ქადაგებისას "საყოველთაო შერიგებაზე" მოსაუბრეები გააკრიტიკა მიტროპოლიტმა შიო მუჯირმაც. მართალია, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტს ქადაგებისას სააკაშვილის სახელი არ უხსენებეია, მაგრამ განაცხადა, რომ "ბოროტება უნდა ჩვენ აღვკვეთოთ და შევაჩეროთ, ზოგჯერ სამართლიანი სასჯელითაც".

14 ოქტომბერს მეუფე სტეფანემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელს არ მოაწერს. აღნიშნულ პეტიციას ხელი მოაწერა რამდენიმე სასულიერო პირმა, მათ შორის, მიტროპოლიტიმა ნიკოლოზმა, დეკანოზმა თამაზ ლომიძემ, მიტროპოლიტმა იოსებმა, დედა სიდონიამ და ა.შ.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს, ის 24 დღეა, რაც შიმშილობს.