პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ იმეორებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მერობის კანდიდატების გამარჯვება იქნება "შემაფერხებელი". მისი თქმით, განსაზღვრული დაფინანსება ყველა მუნიციპალიტეტს ექნება, მაგრამ "დამატებითი ბერკეტები" მთავრობის ხელშია.

"დაფინანსება, რაც არის განსაზღვრული, ბუნებრივია, ყველა მუნიციპალიტეტს ექნება, მაგრამ მთავრობის ხელშია სხვა დამატებითი ბერკეტები, ხო. უამრავი პროექტის დაფინანსება შეგვიძლია ცენტრალურ მთავრობას და ასეც ხდება, ისევე, როგორც ბიუჯეტის გაზრდაზე რომ იყო საუბარი, გუშინ მე დავაანონსე, რომ ქუთაისს მინდა გავუზარდო და სხვა დიდ ქალაქებს და არამხოლოდ. ძალიან ბევრი პროექტის დაფინანსება გვინდა და გვაქვს გადაწყვეტილი. ეს, რა თქმა უნდა, იქნება შემაფერხებელი ბარიერი ჩვენთვისაც და ნაკლები მოტივაცია გვექნება იმ შემთხვევაში, თუ იქნებოდა ოპოზიციური კანდიდატი", — თქვა ღარიბაშვილმა.

ამასთან, თიანეთში ყოფნისას მან სწორედ იქაური მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ რადგან თამაზ მეჭიაური ქართული ოცნების წევრი აღარ არის, აქ გასული ოთხი წელი არასტაბილური იყო და "მუდმივი დაძაბულობა" მოსახლეობაზეც აისახა. ღარიბაშვილის თქმით, სწორედ ამას გულისხმობდა 2 დღის წინ, როცა თვითმმართველობაზე ისაუბრა.

"ცენტრალურ მთავრობას თიანეთშიც და ყველა მუნიციპალიტეტშიც უამრავი პროექტი აქვს გაკეთებული. როგორც წარმოგიდგენიათ, რომ მერი იყოს ოპოზიციონერი, ჯიბრში ედგას საკუთარ ხალხს, საკუთარ საკრებულოს, მით უმეტეს, თიანეთში საკრებულოს მთლიანად უმრავლესობა ჩვენს ხელშია და რა თქმა უნდა, სხვა მუნიციპალიტეტებსაც ეხება ანალოგიური. რა თქმა უნდა, ეს შეაფერხებს საბოლოო ჯამში ქვეყნის განვითარებას. ჩვენ ვიცით, რომ ნაცმოძრაობა არის მთავარი მიზეზი და ბარიერი ქვეყნის განვითარების, მაგრამ ჩვენ არჩევნები მოიგეთ, მათი დესტრუქციული ლიდერი არის ციხეში, დიდხანს იქნება ციხეში და არჩევნების შემდგ ჩვენ გავაგრძელებთ მხოლოდ საქმეზე ლაპარაკს და არამხოლოდ ლაპარაკს, არამედ საქმის კეთებას", — თქვა ღარიბაშვილმა.

22 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ენმ-ის სენაკის მერობის კანდიდატს, კობა ნაყოფიას სენაკის მერობა სურს, როცა იქ სახლიც კი არ აქვს. მისი თქმით, თუ ნაყოფია გაიმარჯვებს, "არანაირი პერსპექტივა არ აქვს", რადგან ცენტრალური ხელისუფლება მათ ხელშია. ამასთანავე, 21 ოქტომბერს ზუგდიდში ღარიბაშვილმა თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატს, ანზორ მელიას მუნიციპალიტეტის მართვის "წარმოდგენა არ აქვს" და არ იცის "რამდენი სოფელია ამ ქალაქში", გამარჯვების შემთხვევაში კი, შეუძლებელი იქნება მასთან ურთიერთობა და მოხდება ცენტრალურ ხელისუფლებასთან კომუნიკაციის წყვეტა, რაც ზუგდიდელებს დააზარალებს.