ნაციონალური მოძრაობის რუსთავის მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის განცხადებით, პარტიის ოფისის თანამშრომლებს ქართული ოცნების 20-მდე აქტივისტი თავს დაესხა. მისი თქმით, მძიმედ ორი, ხოლო, ნაკლებად მძიმედ ერთი ადამიანია დაშავებული.

"შარტავას 19 ნომერში, ჩვენს შტაბში, რომელიც შესაბამისად არის დაბრენდილი და არის დღიდან საარჩევნო კამპანიის გამოცხადებისა, მოხდა თავდასხმა. ქართული ოცნების 20-მდე აქტივისტი, ადამიანები, რომლებიც დახვდნენ ასევე "მარშუტკებს" ცოცხებით, იყვნენ მოსულები, ცდილობდნენ ჩემზე თავდასხმას, ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენებას და ოფისში შემოჭრის მცდელობაც ჰქონდათ", — ამბობს კირკიტაძე On.ge-სთან.

ფოტო: დავით კირკიტაძე

როგორც კირკიტაძე აღნიშნავს, ადამიანი, რომელიც თავდასხმას ხელმძღვანელობდა, ვასილ ბალახაძეა, რომელიც ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მმართველი პარტიის წარმომადგენელი იყო. კირკიტაძე ამბობს, რომ ის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე ხელმძღვანელლობდა იმ ადამიანებს, რომლებიც სამარშუტო ტაქსებს ცოცხებით ხვდებოდნენ. გარდა ამისა, მისივე თქმით, დღევანდელ თავდასხმაში სსიპ-ებისა და აიპ-ების წარმომადგენლები და ქართული ოცნების საკრებულოს სიით გასული პირი მონაწილეობდნენ.

კირკიტაძემ On.ge-ს ფოტო და ვიდეო მასალაც მოაწოდა, სადაც მისივე განცხადებით, თავდასხმაში მონაწილე პირები ჩანან.

"ჩანს ამ პროვოკაციის ავტორი, ვასილ ბალახაძე, რომელსაც ხელში უჭირავს ეს რაღაც ფურცლები. ეს ადამიანი იყო ცოცხებით რომ დახვდნენ ქალაქის შესასვლელში აქციაზე მიმავალ ხალხს, იმის აქციის ორგანიზატორი და ეს იყო 44-ე უბანზე მათი წარმომადგენელი, თუ დამკვირვებელი, ოფიციალურად ბეიჯით ესწრებოდა არჩევნებს, მის უკან ჩანს საკრებულოს წევრი, ქართული ოცნების სიით გასული, ამირან ჯანჯღავა", — ამბობს ის.

ამასთან, კირკიტაძე აღნიშნავს, რომ დაშავებული პირები ახლა პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან. მისივე განცხადებით, დაზარალებულებს ადგილზევე ჩაუტარდებათ ექსპერტიზა.

On.ge შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს.