საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, ნიკა გვარამიას "არარაობა" უწოდა და თქვა, რომ ექსპრეზიდენტის სავარაუდო ლიკვიდაციაზე მის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

"როგორი სიმართლეც აღმოჩნდა სამეგრელოში ჩვენს მიერ დაგეგმილი რაღაც გიჟური სპეცოპერაციის ჩატარება, ასეთივე სიმართლეა დღევანდელი ბრიფინგიც, რომელიც ამ მართლაც, აღარ მინდა ეს სიტყვები ვიხმარო, გვარამიამ, ამ არარაობამ ჩაატარა დღეს და როგორ ატყუებენ, არამხოლოდ ამომრჩეველს, არამედ მოსახლეობას მთლიანად.

საკუთარ თავს იტყუებენ ამ შემთხვევაში და გასაგებია, რომ ამ რაღაცებს იგონებენ, რომ დაძაბონ საზოგადოების თვალში რაღაც, აბსურდული თეატრები დადგან. მინდა კიდევ ერთხელ მივმართო, ეს მცდელობა იქნება კრახით დასრულებული და ჩვენ მშვიდობიან არჩევნებს ჩავატარებთ და ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ არჩევნებს", — თქვა ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება აღარ შეიცვლება.

დღეს, 24 ოქტომბერს ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ციხის ჰოსპიტალში გადაყვანის შემთხვევაში ხელისუფლება იმიტირებულ ბუნტსა და შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას გეგმავს.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის 24 დღეა, რაც შიმშილობს. ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მისი პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა. ჯერჯერობით უცნობია, როდის და სად გადაიყვანენ სააკაშვილს დამატებითი გამოკვლევებს ჩასატარებლად. ადვოკატები ექპრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

გუშინ, 23 ოქტომბერს სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ კონსილიუმი თანხმდება, რომ საჭიროების შემთხვევაში, ექსპრეზიდენტი მრავალპროფილურ, მაღალი კლასის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რა პოზიცია ჰქონდა სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე იუსტიციის სამინისტროს მაშინ, როცა ყიფშიძე უწყების წარმომადგენლებს შეხვდა. ექიმმა თქვა:

"მაშინ ჰქონდა პოზიცია ის, რომ იმსჯელებენ, რომელ საავადმყოფოში გადავიყვანოთ, სამოქალაქო საავადმყოფოში. ლაპარაკი იმ დროს გლდანის ციხის საავადმყოფოზე არ იყო".

მოგვიანებით, აღნიშნულზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა არ განიხილება და "ტყუილს მოკლე ფეხები აქვს".