საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თიანეთში ჩავიდა და მეორე ტურში გადასულ თამაზ მეჭიაურს მოუწოდა, ქართული ოცნების თიანეთის მერობის კანდიდატს "გზა დაუთმოს". მისი თქმით, სამწუხაროა, როდესაც გუნდის ყოფილი წევრი გუნდის ამჟამინდელ წევრს უპირისპირდება.

"მოგეხსენებათ, რომ ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი, თამაზ მეჭიაური უპირისპირდება ამ ახალგაზრდა, წესიერ კაცს და მე მინდა აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხაროა, რომ ყოფილი გუნდის წევრი უპირისპირდება ჩვენი გუნდის წევრს. მე მოვუწოდებდი ბატონ თამაზ მეჭიაურს, რომ გზა დაუთმოს ამ ახალგაზრდა და ნიჭიერ კაცს და ამ რაღაც ნაციონალების წისქვილზე ნუღარ დავასხამთ წყალს", — ამბობს ის.

თიანეთში თამაზ მეჭიაური ქართული ოცნების კანდიდატს, ლევან წიკლაურს უპირისპირდება. ცესკოს მონაცემებით, ხმები ასე გადანაწილდა:

  • თამაზ მეჭიაური — 30,095%;
  • ლევან წიკლაური — 43,201%.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება.