მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მოითხოვენ დაუყოვნებლივ გადაწყდეს ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზაციის საკითხი, თუმცა ხაზს უსვამენ, რომ ეს არ უნდა მოხდეს ე.წ. ციხის საავადმყოფოში. ნიკა გვარამიას განცხადებით, პენიტენციური სამსახურის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ არის აღჭურვილი იმ აპარატურით, რაც საჭიროა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისა და მკურნალობისთვის. მისი ინფორმაცით, ე.წ. ციხის საავადმყოფოში არ არის მაგნიტორეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატები, დოპლერი და ა.შ.

"ციხის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ წარმოადგენს კონსილიუმის დასკვნითვე განსაზღვრულ C კატეგორიის შერეულ, მულტიფუნქციურ კლინიკას [...] მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პროფილის ექიმები არიან ციხის საავადმყოფოში, ეს არ იძლევა შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა პროფილის მომსახურება გაკეთდეს სრულფასოვნად. მრავალპროფილიან კლინიკაში არის ყველა შესაბამისი განყოფილება, ყველა შესაბამისი აღჭურვილობით და სააკაშვილის პრობლემები ძალიან დიდ სპექტრს ფარავს სამედიცინო მომსახურების საჭიროებებისა", — განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის ჯანმრთელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკი გულის გაჩერებაა. შესაბამისად, აუცილებელია ის ისეთ საავადმყოფოში გადაიყვანონ, სადაც სრულად იქნება შესაძლებელი კარდიოლოგიური მომსახურების მიღება.

"მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტი კარდიოლოგი შეიძლება იყოს ციხის საავადმყოფოში და არის კიდევაც, კარდიოლოგიური განყოფილება სრულად აღჭურვილი და ინტენსიური მომსახურების იქ არ არის [...] კლინიკა, რომელშიც განთავსდება მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს მრავალპროფილიანი, მულტიფუნქციური შერეული კლინიკა. ასეთს არ წარმოადგენს ციხის ე.წ. საავადმყოფო", — აცხადებს ნიკა გვარამია.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ითხოვენ, რომ მისი ჰოსპიტალიზაციის საკითხის გადაწყვეტაში პირად ექიმთან ერთად თავად იყვნენ ჩართულები. გვარამიას განცხადებით, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, იქ, სადაც ადამიანის უფლებრივი საკითხი წყდება აუცილებელია ადვოკატების თანამონაწილეობაც.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მიმართავენ ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძეს და სთხოვენ განმარტებას — არის თუ არა ე.წ. ციხის საავადმყოფო იმ ტიპის მულტიფუნქციური დაწესებულება, რომელიც განსაზღვრა კონსილიუმმა სააკაშვილის სამკურნალოდ. გარდა ამისა, გვარამია მიმართავს სახალხო დამცველს და შეისწავლოს, შეესაბამება თუ არა ე.წ. ციხის საავადმყოფო C კატეგორიის, მულტიფუნქციური კლინიკის სტანდარტებს.

"ახლაც, ამ წუთებშიც მიმდინარეობს უკანა რიცხვით მისი გადატანა და შეტანა C კატეგორიის კლინიკების ჩამონათვალში. ყველამ თავი შეიკავოს ამისგან, იმიტომ, რომ ეს იქნება დანაშაული, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს მძიმე შედეგი", — აცხადებს ნიკა გვარამია.

კიდევ ერთი საკითხი, რის გამოც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს არ სურთ მისი გადაყვანა გლდანის მე-18 დაწესებულებაში ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებაა. ნიკა გვარამიას განცხადებით, ციხის საავადმყოფოში ხელისუფლება გეგმავს იმიტირებულ ბუნტს, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით. მისივე თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ ციხის საავადმყოფოში უკვე შეყვანილია რამდენიმე სპეცდანიშნულების პატიმარი, რომელიც "ამაზე იზრუნებს".