ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია აცხადებს, კახა კალაძეს არჩევნების პირველ ტურში 45% არ აუღია და მმართველმა პარტიამ დაახლოებით 100 საარჩევნო უბანზე მანიპულაციები მოახერხა.

"თბილისში არის 760 საარჩევნო უბანი. გულწრფელად, დაახლოებით 100 საარჩევნო უბანზე ქართულმა ოცნებამ მოახერხა და საკუთარი მცდელობები რეალობად აქცია სხვადასხვა მანიპულაციებით. ანუ, როგორც თქვენ არ აგიღიათ 45%, ისე კალაძეს არ აუღია ეს 45% და ამიტომაც დარდობს. ზუსტად იცის, რომ მას აქვს საფუძველი, იყოს დარდებში და რატომ? ვიცი, რომ ზუსტად იცის, რას ვაკეთებთ იმიტომ, რომ სუს-ი რას აკეთებს, თუ არა გვადევნოს თვალყური?!" — განაცხადა ნიკა მელიამ TV პირველის ეთერში.

მისივე თქმით, ოპოზიციას მეორე ტურისთვის საარჩევნო უბნებზე ახალი და გაძლიერებული წარმომადგენლობა ეყოლება.

"არ დაგიმალავთ, 760 უბნიდან პრაქტიკულად ყველა საარჩევნო უბანზე, მოდი, ახლა ვთქვათ, 70 საარჩევნო უბანზე ჩვენ ახალი წარმომადგენლობა გვეყოლება, გაძლიერებული, მათ შორის, იმ საარჩევნო უბნებზე, რომელიც მოვიგეთ და ბევრი საარჩევნო უბანი პირველ ტურში მოვიგეთ", — აღნიშნა მან.

მელია ირწმუნება, რომ ქართული ოცნება "საარჩევნო მაიმუნობებს" ვეღარ შეძლებს.

"შეუძლებელია, ხო, მაგალითად, ახლა ისანში ერთ ცალკე აღებულ უბანზე კახი კალაძემ აიღოს, მაგალითად, 44% და ეს იყოს საშუალოსტატისტიკური, ხო ანუ, საშუალო მაჩვენებელი მისი, ხო და გვერდით უბანში აიღოს 61% და ასეთი [შემთხვევა] დაფიქსირდა არაერთი. დიახაც, იქ მოახერხეს მათ საარჩევნო მაიმუნობები, პირდაპირ რომ ვთქვათ. ამას ისინი ვეღარ შეძლებენ",— განაცხადა მელიამ.

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქში, მათ შორის, თბილისში, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.