"ტყუილს მოკლე ფეხები აქვს" — ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის განცხადებას იმის შესახებ, რომ სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა განიხილებოდა.

"მოვისმინე ნიკოლოზ ყიფშიძის კომენტარი, რომლის თანახმადაც თითქოს ჩემთან შეხვედრაზე საუბარი იყო პატიმარ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე და თითქოს ამაზე ვმსჯელობდით. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს არის სიცრუე! ექიმების ჯგუფთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ თქმულა სამოქალაქო კლინიკაზე. ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. დანარჩენზე მერე ვისაუბრებთ", — დაწერა ბრეგაძემ Facebook-ზე.

მიხეილ სააკაშვილის ექიმმა ეს განცხადება დღეს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რა პოზიცია ჰქონდა ექსპრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე იუსტიციის სამინისტროს მაშინ, როცა ყიფშიძე უწყების წარმომადგენლებს შეხვდა. ექიმმა თქვა:

"მაშინ ჰქონდა პოზიცია ის, რომ იმსჯელებენ, რომელ საავადმყოფოში გადავიყვანოთ, სამოქალაქო საავადმყოფოში. ლაპარაკი იმ დროს გლდანის ციხის საავადმყოფოზე არ იყო".

მისივე განცხადებით, კონსილიუმი თანხმდება, რომ საჭიროების შემთხვევაში, ექსპრეზიდენტი მრავალპროფილურ, მაღალი კლასის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ. მისივე ინფორმაციით, ამ საკითხზე კონსილიუმმა ორი საათის განმავლობაში იმსჯელა და ყველა თანხმდება, რომ, "შეიძლება ეს ყველაფერი გართულდეს და საჭირო იქნება მისი გადაყვანა საავადმყოფოში".

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან, 23 დღეა შიმშილობს. ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მისი პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა. ჯერჯერობით უცნობია, როდის და სად გადაიყვანენ სააკაშვილს დამატებითი გამოკვლევებს ჩასატარებლად.