სახელმწიფო ელექტროსისტემის მაღალი ძაბვის 110-კილოვატიანი ხაზის დაზიანების გამო, 4 მიმართულების სამგზავრო მატარებელი გაჩერდა. საქართველოს რკინიგზაში ამბობენ, რომ მაღალი ძაბვის ხაზი გაწყდა, რკინიგზის საკონტაქტო ხაზს დაეცა და დააზიანა.

შედეგად, გაჩერდა შემდეგი მიმართულებები:

  • თბილისი-ბათუმი;
  • ბათუმი-თბილისი;
  • თბილისი-ფოთი;
  • ზუგდიდი-თბილისი.

"სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომლების მიერ აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და თანმიმდევრულად განახლდება მოძრაობა. ყველა მიმართულების აღდგენას დაახლოებით 2 საათი დასჭირდება", — აცხადებენ რკინიგზაში.

ამასთან, კომპანიაში On.ge-ს უთხრეს, რომ ზუგდიდი-თბილისის მატარებელმა მოძრაობა უკვე განაახლა.

მათივე ინფორმაციით, უკვე გაგზავნეს ავტობუსები და მგზავრებს სურვილისამებრ მიეცემათ გზის ავტობუსებით გაგრძელების საშუალება.