მიხეილ სააკაშვილის ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, კონსილიუმი თანხმდება, რომ საჭიროების შემთხვევაში, ექსპრეზიდენტი მრავალპროფილურ, მაღალი კლასის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ. მისივე ინფორმაციით, ამ საკითხზე კონსილიუმმა ორი საათის განმავლობაში იმსჯელა და ყველა თანხმდება, რომ, "შეიძლება ეს ყველაფერი გართულდეს და საჭირო იქნება მისი გადაყვანა საავადმყოფოში".

"ჩვენ ვლაპარაკობთ მრავალპროფილურ მაღალი კლასის საავადმყოფოზე, ჩემი აზრით, ეს ციხის ჰოსპიტალი არ არის. კონსილიუმის ყველა წევრი თანახმაა იმაზე, რომ სააკაშვილი, საჭიროების შემთხვევაში, გადაყვანილ იქნას მრავალპროფილურ, მაღალი კლასის საავადმყოფოში", — თქვა მან ციხიდან გამოსვლის შემდეგ და დასძინა, რომ ასეთივე პოზიცია აქვს ექსპრეზიდენტსაც.

ჟურნალისტების კითხვას, რა პოზიცია ჰქონდა სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე იუსტიციის სამინისტროს მაშინ, როცა ყიფშიძე უწყების წარმომადგენლებს შეხვდა, ექიმი ასე პასუხობს:

"მაშინ ჰქონდა პოზიცია ის, რომ იმსჯელებენ, რომელ საავადმყოფოში გადავიყვანოთ, სამოქალაქო საავადმყოფოში. ლაპარაკი იმ დროს გლდანის ციხის საავადმყოფოზე არ იყო".

ყიფშიძე ხაზს უსვამს, რომ ციხის ჰოსპიტალში სააკაშვილის გადაყვანა მკვლელობის ტოლფასი იქნება. მისივე თქმით, ამ დროისთვის ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობა "ასე თუ ისე დამაკმაყოფილებელია".

"გუშინდელმა გადასხმამ კარგად ჩაიარა. ასე რომ, პრობლემები არ გვაქვს ჯერ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ შეიძლება დამძიმდეს ყოველ წუთში", — ამბობს ექიმი.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან, 23 დღეა შიმშილობს. ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მისი პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა. ჯერჯერობით უცნობია, როდის და სად გადაიყვანენ სააკაშვილს დამატებითი გამოკვლევებს ჩასატარებლად.