თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დასავლური ქვეყნების 10 ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების ბრძანება გასცა. მათ შორის არიან: აშშ-ის, კანადის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის და ახალი ზელანდიის ელჩები. მიზეზი ელჩების მხრიდან ბიზნესმენ ოსმან კავალას გათავისუფლებისკენ მოწოდება გახდა.

"საგარეო საქმეთა მინისტრს მივეცი ბრძანება და ვუთხარი, რა უნდა გაკეთდეს: ეს 10 ელჩი პერსონა ნონ გრატად უნდა გამოცხადდეს დაუყოვნებლივ. ისინი შეიცნობენ და გაუგებენ თურქეთს. იმ დღეს, როცა ისინი ვერ გაუგებენ თურქეთს, ისინი წავლენ", — თქვა ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას.

ელჩებმა, რომელთა პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას ერდოღანი ითხოვს, 18 ოქტომბერს ერთობლივი განცხადება გააკეთეს და თურქეთის ხელისუფლებას სამართლიანი მართლმსაჯულებისა და კავალას დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. ამის შემდეგ ისინი საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა. უწყებამ ელჩების განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა.

ოსმან კავალა 4 წელია ციხეშია. მას 2013 წელს საპროტესტო აქციის დაფინანსება და გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობა ედება ბრალად. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.