ბათუმში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომელიც კორპუსის ჩამონგრევის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, წუთიერი დუმილით დაიწყო.

სიტყვით გამომსვლელებმა მოსახლეობას 30 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდეს და წარმატებები უსურვეს გიორგი კირთაძეს, რომელიც ბათუმის მერობისთვის იბრძვის.

თავად კირთაძემ მადლობა გადაუხადა აქციაზე მისულებს და იმ ადამიანებს, რომლებიც შეკრებას ტელევიზიით ადევნებდნენ თვალს, მაგრამ განსაკუთრებული მადლობა ექსპრეზიდენტ სააკაშვილს მიემართებოდა.

"მაგრამ განსაკუთრებული მადლობა ერთ ადამიანს, რომელიც ასევე ტელევიზიით გვადევნებს თვალს, რომელსაც ყველაზე ძალიან უყვარს ჩვენი ქალაქი, რომელიც ყველაზე მეტად თანაგვიგრძნობს ჩვენ და რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ახლა ჩვენი მხარდაჭერა. მოგესალმებით, ბატონო მიშა!", — თქვა კირთაძემ.

მან აღნიშნა, რომ სააკაშვილი საქართველოში სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად ჩამოვიდა, მაგრამ ჩამოსვლის შესახებ დაპირება შეასრულა, ისევე, როგორც ყოველთვის ასრულებდა სიტყვას.

"თქვენ ისჯებით გაკეთებული საქმეებისთვის, რაც შეძელით ჩვენს ქვეყანაში. თავისუფლება და ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება — ეს იყო მთავარი, რისთვისაც თქვენ მთელი ცხოვრება იბრძოდით. ამის ნათელი დასტური იყო 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე თქვენი ჩამოსვლა საქართველოში. ჩვენთვის, აქ შეკრებილი ადამიანებისთვის, ბათუმელებისთვის, ძალიან სასიამოვნო და სიმბოლური იყო ის, რომ თქვენი პირველი განცხადებები, პირველი და მეორე ვიდეო აქედან ძალიან ახლოს, ახალ და ძველ ბულვარში ჩაიწერა", — აღნიშნა მან.

კირთაძემ ასევე თქვა, რომ ბათუმს კოალიციური მერია და საკრებულოს მრავალპარტიული უმრავლესობა უნდა ჰყავდეს.

შეკრებილებს სიტყვით მიმართეს როგორც ნაციონალური მოძრაობის, ისე სხვა პარტიების წარმომადგენლებმა: ირაკლი კუპრაძემ, არმაზ ახვლედიანმა, ნინო ბურჯანაძემ და ა.შ. მათ აღნიშნეს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია.

ფოტო: კადრი ვიდეოდან/მთავარი არხი

აქციაზე მიესალმნენ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და წაიკითხეს მისი წერილიც:

"ჩემო ახლობელო, მშობლიურო, საყვარელო ბათუმელებო, მადლობა, რომ შეიკრიბეთ, მათ შორის ჩემს მხარდასაჭერად. მადლობა, რომ ბევრი თქვენგანი 14-ში თბილისში იყო. მე მაგრად ვდგავარ, მოველი თქვენთან პირდაპირ კონტაქტს, მხდალმა ხელისუფლებამ სასამართლოზეც ვერ გაბედა ჩემი მიყვანა, სატელეფონო ზარები ამიკრძალა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ისინი უკვე დამარცხებული და ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ.

ზუსტად ვიცი, რომ "ქათქათა ბათუმს" ნიშნავს, რომ ბათუმში ლურჯი დროშების ნაცვლად, თეთრი, ქათქათა ხუთჯვრიანი დროშები აფრიალდება და გიორგი კირთაძე იქნება საუკეთესი მერი ბათუმის ისტორიაში და მიშა ბოლქვაძე იქნება ხელვაჩაურში საუკეთესო მერი.

ხოლო მათი გამარჯვების მერე, გელით რუსთავში, მინდა, რომ ჩემი სატუსაღოს კარი, მათ შორის ბათუმელებმაც გააღოთ. არც ერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს სახლში, ყველანი არჩევნებზე, არც ერთი წამით არ უნდა შევჩერდეთ, შევუტიოთ ყველა მიმართულებით. ჩვენ კი არ უნდა ვიცავდეთ მათგან თავს, ისინი არიან და უნდა დარჩნენ თავდაცვის რეჟიმის პოზიციაში, გაუმარჯოს ბათუმს, გაუმარჯოს აჭარას, გაუმარჯოს საქართველოს!", — წერს მიხეილ სააკაშვილი.

ფოტო: კადრი ვიდეოდან/მთავარი არხი

აქციაზე ითქვა ისიც, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, სარფიდან რუსთავის ციხემდე ფეხით მიემართებიან.