სეისმოლოგი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს დაბზარული ფერდის ნაწილი და დაუმთავრებელი მშენებლობა. გოდოლაძის ინფორმაციით, ვიდეო ტოგო გუდავას #15-შია გადაღებული. გოდოლაძის ინფორმაციით, ფერდის მოძრაობის მიზეზი მშენებლობაა.

On.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად თბილისის მერიას დაუკავშირდა. მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ადგილზე კერძო კომპანია მრავალბინიანი კორპუსს აშენებდა. უწყებაში განმარტავენ, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ მშენებლობა უკვე შეაჩერა.

"ეს არის სამშენებლო ობიექტი. კერძო პირი ახორციელებს მშენებლობას. მუნიციპალურ ინსპექციას უკვე ერთი კვირაა, რაც გაჩერებული აქვს მშენებლობა. შეჩერების ოქმი არის გამოწერილი და დამატებითი ღონისძიებები კიდევ ორშაბათს გატარდება. სავარაუდოდ, ჯარიმაც გამოეწერება ამ კომპანიას. ასევე, მას დაევალდებულება ფერდის გამაგრება", — განაცხადეს მერიაში.

17 მარტს ფორუმზე გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელი გზის ფერდობზე ნაპრალები გაჩნდა. ფოტოების გავრცელებამდე, დილით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდებოდა. კალაძეს არ უთქვამს, ზუსტად როდის დაიწყო ეს პროცესები, თუმცა აღნიშნა, რომ დამეწყრილი უბნის შესწავლაში მერიის სამსახურებთან ერთად, შესაბამისი უწყებების სპეციალისტები უკვე ჩართულნი იყვნენ.

მას შემდეგ, დროდადრო ვრცელდება ინფორმაცია ახალი ნაპრალების გაჩენის შესახებ. ბოლოს, ამის შესახებ ტელეკომპანია ფორმულას გადაღებული კადრები გავრცელდა. მაშინ კალაძემ განაცხადა, რომ ვაშლიჯვრის ფერდზე არის 3 კონკრეტული მეწყერსაშიში ადგილი და მიმდინარეობს სამუშაოები მის გასამაგრებლად.