დედამიწაზე მიმდინარე კლიმატის ცვლილებმა ადამიანებს განახლებადი ენერგიის წყაროების ძიებისკენ უბიძგა. ქარი, წყალი და მზე — ეს ის ბუნებრივი რესურსებია, რომელთა გამოყენებაც მწვანე ენერგიას გვაძლევს. თუ ფულს ამ სექტორში დააბანდებ, ინვესტიციას პერსპექტიულთან ერთად საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეშიც განახორციელებ.

მსოფლიომ გადაწყვიტა, ნახშირბადზე დაფუძნებული წიაღისეულისგან თავი შორს დაიჭიროს — ამას გლობალური ეკონომიკის დეკარბონიზაციასაც უწოდებენ. პროცესს მომავალი 30 წლის განმავლობაში 100 ტრილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია დასჭირდება. ამ სტატიაში იმის შესახებ გიყვებით, სად, რატომ და როგორ უნდა ჩადო ფული, თუ განახლებადი ენერგიის სექტორში ინვესტირება გინდა.

სექტორის მიმოხილვა

ფოტო: fool.com

განახლებადი ენერგიის წყაროები — ქარი, წყალი, მზე — მსოფლიოში წარმოებული ენერგიის მეოთხედს იკავებენ. სექტორი სწრაფად მზარდია, რასაც რიცხვებში გამოხატული მონაცემებიც ადასტურებენ. უფრო კონკრეტულად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში განახლებადი ენერგიის წარმოების წლიური ზრდა დაახლოებით 8% იყო. თუმცა, ეს პროცესი ბოლო წლებში განსაკუთრებით დაჩქარდა, რადგან კლიმატის ცვლილების საკითხი კიდევ უფრო მეტად დადგა დღის წესრიგში.

თუ გლობალური დათბობის საკითხს ჩავუღრმავდებით, უნდა ითქვას, რომ ამ სექტორში ინვესტირება შენს მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას გაუსვამს ხაზს. გარდა ამისა, პრაგმატული თვალსაზრისით, განახლებადი ენერგიის ინდუსტრიაში ფულის დაბანდება მომგებიანიც არის.

ენერგეტიკის დეკარბონიზაციას აქტიურად უჭერს მხარს აშშ. 2021 წლის აგვისტოში სენატმა მიიღო $1,2 ტრილიონის მოცულობის ინფრასტრუქტურული პაკეტი, რომელიც განახლებადი ენერგიის სექტორში ინვესტირების დაჩქარებისთვის საჭირო დაფინანსებასაც მოიცავს.

ტოპ 5 კომპანია განახლებადი ენერგიის სფეროში

ფოტო: Andreas Gücklhorn / Unsplash

განახლებადი ენერგიის სექტორს ბევრი კომპანია მიეკუთვნება, თუმცა სტატიის ამ ნაწილში იმ ფირმების ფასიან ქაღალდებზე გიყვებით, რომლებიც სხვებისგან პერსპექტიულობით გამოირჩევიან და ინვესტორებისთვის ფული დაბანდების საუკეთესო შესაძლებლობას იძლევიან.

Brookfield Renewable (NYSE: BEP) (NYSE: BEPC)

Brookfield Renewable განახლებადი ენერგიის სექტორში ლიდერის პოზიციას იკავებს. მის მიერ გამომუშავებული ენერგიის ძირითადი ნაწილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის. კომპანიის პორტფელის 62%-ზე მეტს სწორედ ამგვარი ენერგია შეადგენს. გარდა ამისა, კომპანია მუშაობს მზისა და ქარის ენერგიების გამოყენების მიმართულებითაც.

კომპანია 2012 წლის შემდეგ საკუთარი აქციონერებისთვის ყოველწლიურად 6%-ით ზრდის დივიდენდებს, რაც მისი ზრდისა და განვითარების ხარჯზე ხდება. გასული ათწლეულის განმავლობაში კომპანიის მოგება ყოველწლიურად, საშუალოდ, 10%-ით იზრდებოდა.

კომპანია კიდევ უფრო დიდი მასშტაბებით გაფართოებას გეგმავს, რაც მას დივიდენდების ზრდის საშუალებასაც მისცემს. Brookfield-ში ფიქრობენ, რომ მომავალი წლების განმავლობაში, ყოველწლიურად, დივიდენდების 5%-დან 9%-მდე ფარგლებში გაზრდას შეძლებენ.

Clearway Energy (NYSE: CWEN) (NYSE: CWEN.A)

ეს კომპანია აშშ-ის ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა. ის ქარისა და მზის ელექტროსადგურებთან ერთად მაღალეფექტური ბუნებრივი აირის სადგურებსაც ფლობს. მას შემდეგ, რაც Clearway Energy-ის მართვა საკუთარ ხელში საინვესტიციო ფირმამ, Global Infrastructure Partners-მა აიღო, კომპანიის შემოსავლები გაორმაგდა. ეს 2018 წელს მოხდა, თუმცა შეთანხმება კომპანიის საინვესტიციო სტაბილურობის გარანტი მომავალშიც იქნება.

შემოსავლების მატებამ კომპანიას შესაძლებლობა მისცა, გაეფართოებინა პორტფელი და გაეზარდა დივიდენდები. მეწილეებზე დივიდენდების ზრდას მომავალშიც აპირებენ — ყოველწლიურად, საშუალოდ 5%-დან 8%-მდე ფარგლებში.

First Solar (NASDAQ: FSLR)

ეს კომპანია მზის პანელებს აწარმოებს. ამ ფირმის მიერ წარმოებული თხელი და დიდი ზომის პანელები კონკურენტებთან შედარებით მეტ და ხარისხიან ენერგიას გამოიმუშავებენ. სწორედ ამიტომ, ამ ტექნოლოგიით დამზადებული მზის პანელები მასშტაბური სადგურებისთვის ყველაზე მეტად გამოყენებადია.

მზის ენერგიის გამოყენება ის სფეროა, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. ეს არის მიზეზი, რის გამოც კომპანია ვითარდება და გაჩერებას არც სამომავლოდ აპირებს. First Solar-ში 2025 წლისთვის წარმოების სიმძლავრის გაორმაგებას აპირებენ.

NextEra Energy (NYSE: NEE)

NextEra Energy მსოფლიოში მზისა და ქარის ენერგიის უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანია აწარმოებს და აწვდის მის ენერგიას როგორც სხვა კომუნალურების გამანაწილებელ ფირმებს, ისე პირდაპირ მომხმარებლებს.

კომპანია დივიდენდის არისტოკრატ გადამხდელად ითვლება, რადგან ბოლო 25 წლის განმავლობაში საკუთარ მეწილეებს ყოველწლიურად უზრდიდა დივიდენდებს. 2005 წლიდან კი, კომპანიის დივიდენდის საშუალო წლიურმა ზრდამ 9,6% შეადგინა.

NextEra Energy კვლავ ბრწყინავს: კომპანიის სტრატეგია, ისწრაფოდეს სუფთა ენერგიის გამომუშავებისკენ, ნამდვილად ამართლებს. მიმდინარე წლის მესამე კვარტალი კომპანიისთვის წარმატებული იყო. უფრო კონკრეტულად, ბოლო ანგარიში აჩვენებს, რომ მესამე კვარტალში კომპანიის წმინდა შემოსავალი თითო აქციაზე $0,75 იყო — ჯამში კი ამ მაჩვენებელმა $1,48 მილიარდს მიაღწია.

იმის გამო, რომ მომავალი წლების განმავლობაში NextEra Energy-ში შემოსავლების ზრდას კიდევ ელოდებიან, 2022 წლისთვის დივიდენდების 10%-იან ზრდას ვარაუდობენ. როგორც ჩანს, კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები მომავალი წლისთვის საუკეთესო ნიშნულებს მიაღწევს.

SolarEdge Technologies (NASDAQ: SEDG)

ეს კომპანია ინვერტორულ სისტემებს აწარმოებს. ამგვარი სისტემები მზის პანელების მიერ გამომუშავებულ ენერგიას ისეთ სახეს აძლევენ, რომელსაც საბოლოოდ მომხმარებლები იყენებენ. ეს კომპონენტი მაქსიმალურად ზრდის მზის პანელების მიერ გამომუშავებულ ენერგიას და ამცირებს მასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

მსგავსად First Solar-ისა, მზის პანელებზე გაზრდილი მოთხოვნა მომავალ წლებში SolarEdge Technologies-საც ახეირებს. პროგნოზების მიხედვით მსოფლიოში გამომუშავებულ ელექტროენერგიაში მზის სადგურების მწარმოებლობის წილი მომავალი 30 წლის განმავლობაში 38%-ს მიაღწევს.

განახლებად ენერგიაში ინვესტირების მომავალი

ფოტო: Tom Fisk / Unsplash

კლიმატის ცვლილება და სოციალურად პასუხისმგებლობიან აქციებში ფულის დაბანდების მიმზიდველობა მომავალშიც ბევრ ინვესტორს უბიძგებს, ამ სექტორში ფული ჩადოს. როგორც ექსპერტები ამბობენ, მომავალი ათწლეულების განმავლობაში საუბარია ტრილიონობით დოლარის ინვესტიციაზე.

ვიდრე ინდუსტრია მისთვის სახეირო საინვესტიციო ტალღას შეხვდება, სექტორში მომუშავე კომპანიები უკვე ამტკიცებენ, რომ მათი საქმიანობა მომგებიანი და პერსპექტიულია. გარდა ამისა, განახლებადი ენერგიის მწარმოებელი ფირმების ფინანსური სიმყარე იმასაც გვაფიქრებინებს, რომ ისინი მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდებიან და განვითარდებიან.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.

გალტ & თაგარტი წამყვანი საინვესტიციო ბანკია საქართველოში, რასაც Global Finance-ის მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.