პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარტია ლელოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს "სააკაშვილის კრიმინალური დავალებების შესრულებაში ადანაშაულებს. ეს განცხადება ღარიბაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ხაზარაძემ ურჩია, კონსტიტუცია გადაეკითხა.

"ხაზარაძე არის იქ, სადაც უნდა იყოს. ის ყოველთვის იყო და არის სააკაშვილის ერთგული მსახური. იგი იყო მოსამსახურე სააკაშვილის კრიმინალური დავალებების. ბიზნესების დატერორების, ქონებების წართმევის და შემდეგ, ბანკის მეშვეობით, მთელი ამ ტრანზაქციების გატარების უბადლო შემსრულებელი იყო.

კაცმა, რომელსაც ერთ დროს გქონდა წარმატებული ბანკირის იმიჯი, როგორ უნდა მოახერხო, რომ დღეს დაგარქვან მევახშე და სააკაშვილის მსახური?! როგორ ბედავს ეს კაცი საერთოდ, რომ ლაპარაკობს ჩვენზე და თვითმმართველობაზე და დემოკრატიაზე. ამიტომ, ღირსია. ამიტომაც 2%-ზე მეტს ვერ იღებს არჩევნებზე და ასე დაამთავრებს კრახით. ისე, როგორც დაამთავრა წინა არჩევნებზე", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა არ იცის, რა არის თვითმმართველობა, ამიტომ ურჩევს, კონსტიტუცია გადაიკითხოს. ხაზარაძემ ამით პრემიერმინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ღარიბაშვილმა თქმა, რომ თუ სენაკში ოპოზიციონერი კანდიდატი, კობა ნაყოფია გაიმარჯვებს, "ნაბიჯს ვერ გადადგამს", რადგან ცენტრალური ხელისუფლება ქართული ოცნების ხელშია.

აღსანიშნავია, რომ დღეს ღარიბაშვილმა განმარტა, მისი აზრით რატომ ვერ გადადგამს ნაბიჯს მუნიციპალიტეტის მერი ცენტრალური ხელისუფლების გარეშე, თუმცა, ამავდროულად, ადგილობრივი თვითმმართველობის ცნების უგულებელყოფაში ოპოზიცია დაადანაშაულა.