ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ევროპარლამენტარების ჩარევით საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიზების ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა. მან გაიხსენა ნიკა რურუასა და ნიკა მელიას საქმეები და თქვა, რომ ევროპარლამენტარები ლობირებენ კრიმინალების გათავისუფლებას საქართველოში.

"კონკრეტულ კრიმინალებს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს, არა მარტო მას, გახსოვთ რურუაზე, ოქრუაშვილზე, უგულავაზე და ა.შ. ცნობილ კრიმინალებზე რა ხდებოდა, კონკრეტული, ერთი და იგივე გვარები, ლობისტები ჰყავთ მათ ევროპარლამენტში, ამ სტრუქტურაში, თუმცა, ბუნებრივია, მათი ხმა არავითარ შემთხვევაში არ არის გადამწყვეტი.

ცალკეულ ეტაპზე, სამწუხაროდ, მათი ჩარევა აღმოჩნდა წარმატებული. კერძოდ, მოხდა მართლმსაჯულების პოლიტიზება. ერთ შემთხვევაში პრეზიდენტმა შეიწყალა კონკრეტული დამნაშავეები, სხვა შემთხვევაში სხვა გზით მოხდა — ამნისტიის კანონით გამოშვება და ა.შ. ანუ, მათ ჰქონდათ წარმატებული მაგალითები მართლმსაჯულების პოლიტიზებისა ამ ქვეყანაში. თუმცა, ამას ერთხელ და სამუდამოდ დაესვა წერტილი", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ის ამტკიცებს, რომ კონკრეტულ ევროპარლამენტარებს "ფული აქვთ აღებული" მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში.

"ლობისტებს აქვთ თავისი საქმე — იღებენ ფულს ამაში და რა თქმა უნდა, ვერ გავამტყუნებთ. ფული აქვთ აღებული და ლობირება უნდა გაუწიონ მიხეილ სააკაშვილს, სხვა კრიმინალებს, მაგრამ, რაც შეეხება მართლმსაჯულების პოლიტიზებას საქართველოში, ამას წერტილი ერთხელ და სამუდამოდ დაესვა უკვე", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არაერთმა ევროპარლამენტარმა, როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლივი განცხადებებით თუ ღია წერილებით მოითხოვა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იქამდე, სანამ მას არ ექნება საშუალება წარსდგეს სამართლიანი სასამართლოს წინაშე.

გაიგე მეტი: