შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შემდეგ სამძებრო ღონისძიებებში ჩართულ 10 მეხანძრე-მაშველს სპეციალური მედლები გადაეცა.

"გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, ასევე, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში განხორცილებული სამაშველო ოპერაციისთვის მეხანძრე-მაშველებს უწყებრივი მედლები — მამაცობისთვის გადაეცათ", — აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, პროცესში სულ 426 მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული, რომელთაც 29 საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში წარმართეს სამაშველო ოპერაცია. შსს-ს ინფორმაციით, თითოეული მათგანი კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის, მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის წახალისდა.

დაჯილოდებისას მეხანძრე-მაშველებმა კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპული მოქალაქეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ფოტო: შსს

8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, გადარჩა ერთი. დაღუპულებს შორის 3 არასრულწლოვანია, ერთი 7 წლის, მეორე წლისა და 3 თვის და მესამე 12 წლის.

10 ოქტომბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე, მზიდი კონსტრუქცია (კედლები), რითაც საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა დაირღვა, რამაც შვიდსართულიანი კორპუსის ნგრევა გამოიწვია.