ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ხელისუფლება ზუგდიდში დაკავებებს გეგმავს. მელია ამბობს, რომ ქართული ოცნება იგივეს აპირებს თბილისშიც. მელიას თქმით, ზუგდიდში მოსალოდნელ გართულებებზე ქვეყანაში აკრედიტირებულ ყველა წამყვან ელჩს აცნობეს.

"დაგეგმილია დაკავებები ზუგდიდში. პარალელურად უნდათ, რომ ვისი როგორ არ ვიცი, მაგრამ თბილისში განხორციელდეს დაკავებები. უნდათ რაღაც ფონის შექმნა, რომ მზაკვრული გეგმით ვართ ჩვენ ოპოზიციაში დაკავებულები. მაგრამ ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ მათი გედის სიმღერა. შეეგუოს უნდა ბატონი ღარიბაშვილი, რომ აგებენ უბრალოდ ამ არჩევნებს", — განაცხადა მელიამ.

მთავარი არხის ცნობით, გორის სპეცრაზმი ზუგდიდში ჩაჰყავთ. ოპოზიციური არხის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გორში, იმერეთსა და ზუგდიდში მობილიზაციაა გამოცხადებული და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ყაზარმულ რეჟიმზე გამოიძახეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით On.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ ამბავს გაარკვევენ და გაგვაგებინებენ. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.