ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ციხეში სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მისი პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის სისხლის ანალიზის ერთი პარამეტრი არ იყო კარგი და გადასხმის ჩატარების აუცილებლობა აქედან გამომდინარე მიიღეს. ექიმი განმარტავს, რომ დღეს მისი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ არის, მაგრამ შეიძლება ხვალ გახდეს, თუმცა ჰოსპიტალიზაციას არ სთავაზობენ.

"გადასხმა ჩატარდა კარგად, დამეხმარნენ ციხის ექიმები, ასევე, რეანომობილის ბრიგადა. ჯერჯერობით, ყველაფერი კარგად არის. ეს პროცედურა ჩატარდა საველე მდგომარეობაში. სამედიცინო ოთახი არ არის ამისთვის განსაზღვრული. ამიტომ, საჭიროა მისი მკურნალობა საავადმყოფოში", — აცხადებს ყიფშიძე.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან, 22 დღეა შიმშილობს. პროკურატურის განცხადებით, მას წარედგინება ბრალი საზღვრის უკანონო კვეთაზე. უწყების ვერსიით, სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან გემით შემოვიდა ფოთის პორტში.