"ბარემ გვირაბს გავუთხრით და გავაპარებთ", — ირონიულად პასუხობს ქართული ოცნების დეპუტატი ბექა დავითულიანი გირჩის ლიდერის, იაგო ხვიჩიას მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, უმჯობესია ის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ. დავითულიანის თქმით, იუსტიციის სამინისტროს გადასაწყვეტია, უკეთ როგორ უზრუნველყოფენ ერთი მხრივ, დამნაშავის მხრიდან სასჯელის მოხდას, მეორე მხრივ, მისი ჯანმრთელობის კონტროლს.

"ის რჩევები კეთილისმზრახველების, რომ ქვეყნიდან გაიყვანონ, ბარემ გვირაბს გავუთხრით და გავაპარებთ, ამას გვთავაზობენ ალბათ, არ ვიცი. იუსტიციის სამინისტრო გადაწყვეტს ექიმებთან და კონსულტანტებთან ერთად, რა იქნება უკეთესი იმისთვის, რომ არ დაემუქროს საფრთხე და რამე რისკის ქვეშ არ შევიდეს ამ ადამიანის ჯანმრთელობა და მეორე მხრივ, მან პირნათლად მოიხადოს სასჯელი", — განაცხადა დავითულიანმა პალიტრანიუსის ეთერში.

ამასთანავე, დეპუტატმა განაცხადა, რომ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებაა იშიმშილოს და ამას ვერავინ დაუშლის.

გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია ითხოვს, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ უცხოეთის კლინიკაში გაუშვან. მისი აზრით, ეს ქვეყანაში არსებულ დაძაბულ სიტუაციას განმუხტავს.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის 22 დღეა შიმშილობს.