აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, მეთიუ ბრაიზას განცხადებით, აშკარაა, რომ საქართველო დემოკრატიული უკუსვლის საფრთხის წინაშე დგას. ის ამაზე პასუხიმგებლობას მთავრობას აკისრებს. მისივე თქმით, ეთანხმება ეუთოსა და ამერიკის საელჩოს განცხადებას იმის შესახებ, რომ არჩევნების დროს ორივე მხარემ გაუშვა შესაძლებლობა და ქართველი ამომრჩევლის სურვილები არ გაითვალისწინეს.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია ქმნის თუ არა დემოკრატიული უკუსვლის საფრთხეს.

"რა თქმა უნდა, ეს აშკარაა. ამაზე პასუხიმგებლობა მთავრობას ეკისრება. მათი მხრიდან შარლ მიშელის შეთანხმების უგულებელყოფა დემოკრატიის საწინააღმდეგო მოქმედებაა. თუმცა, უკუსვლაა სხვა მიმართულებებისთვისაც. მაგალითად, ის, რომ ოპოზიციის ნაწილმა უარი თქვა, შეთანხმებაზე ხელი მოეწერა და შეიქმნა სიტუაცია, სადაც არც მთავრობა და არც ოპოზიცია არ ფიქრობს ნაბიჯის გადადგმას. რა თქმა უნდა, ასეთ დროს დემოკრატია საფრთხის წინაშეა", — განაცხადა ბრაიზამ ინტერპრესნიუსთან.

ბრაიზამ, ასევე, აღნიშნა ისიც, რომ არჩევნებამდე მედიიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკური პირების დაპირისპირების შემთხვევები ხშირი იყო და რომ პოლიტიკური მდგომარეობა ძალიან პოლარიზებულია.

მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის პარტნიორმა სახელმწიფოებმა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენობლობაში ძალიან ბევრი ენერგია და ფინანსური დახმარება ჩადეს, თუმცა, ბოლო დროს ამ ინსტიტუტების შესუსტება შეინიშნება.

"ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას. ქართველების 80% მხარს უჭერს NATO-ში ინტეგრაციას და ამ აზრს იზიარებს NATO-ს წევრების უმეტესობაც. რატომ უყვართ საქართველო ასე ვაშინგტონსა და ბრიუსელში? საქართველო იყო ქვეყანა, რომელიც სხვებს არ ჰგავდა. თქვენ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მოახერხეთ კორუფციისა და არეულობისგან თავის დაღწევა და ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა მიდიოდა. ჩვენ ამაში ძალიან ბევრი ენერგია და ფინანსური დახმარება ჩავდეთ. ბოლო დროს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტება შეინიშნება", — თქვა მეთიუ ბრაიზამ.