აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანის მეთიუ ბრაიზას განცხადებით, ევროპა და ამერიკა საქართველოში მიმდინარე პროცესებით დაიღალა და ამას დიდ ყურადღებას აღარ უთმობენ. მისი აზრით, ისინი არ ჩაერევიან არჩევნებსა და დაპირისპირებებში, რომელიც "ძალიან შემაწუხებელია". ბრაიზას თქმით, საქართველოში ამჟამად არსებული დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობა მის იმედგაცრუებას იწვევს.

"ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ქვეყანაში კვლავ პოლიტიკური დაძაბულობაა. ამას ემატება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან 19 აპრილს მიღწეული შარლ მიშელის შეთანხმების გაუქმება. საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კი კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა. საქართველოს მეგობრები ვაშინგტონსა და ევროპაში დაღლილები არიან და ამ ყველაფერს უკვე დიდ ყურადღებას აღარ უთმობენ", — განაცხადა ბრაიზამ ინტერპრესნიუსთან.

ინტერვიუში ბრაიზამ სააკაშვილზეც ისაუბრა და თქვა, რომ მისი დაკავება მსოფლიოს თვალში ჩანს როგორც პოლიტიკურად მოტივირებული, რაც მისივე თქმით, ძალიან ბევრ პრობლემას უქმნის მთავრობას და ქვეყანას კრიზისში ამყოფებს.

"ვფიქრობ, ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი. არ აქვს მნიშვნელობა, რა სამართლებრივი პროცესებია მის წინააღმდეგ აღძრული. როდესაც ოპოზიციის ლიდერი და ამავდროულად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი დაკავებულია, ეს თავისთავად წარმოქმნის პრობლემას და მსოფლიოს თვალში ჩანს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული დაკავება. ეს ძალიან ბევრ პრობლემას უქმნის მთავრობას და ქვეყანას კრიზისში ამყოფებს", — განაცხადა მან.

როგორც ბრაიზამ აღნიშნა, ხელისფლებამაც და ოპოზიციამაც მუდმივი დაპირისპირების ნაცვლად ერთობლივად უნდა იმოქმედონ.

"ვფიქრობ, რომ ევროპა და ამერიკა დაღლილები არიან. ისინი არ ჩაერევიან არჩევნებში და დაპირისპირებებში, რომელიც ძალიან შემაწუხებელია. ქართველმა პოლიტიკოსებმა, ხელისფლებამაც და ოპოზიციამაც მუდმივი დაპირისპირების ნაცვლად ერთობლივად უნდა იმოქმედონ", — თქვა მეთიუ ბრაიზამ IPN-ის თარგმანის მიხედვით.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან 22 დღეა შიმშილობს. პროკურატურის განცხადებით, მას წარედგინება ბრალი საზღვრის უკანონო კვეთაზე. უწყების ვერსიით, სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან გემით შემოვიდა ფოთის პორტში.