ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აცხადებს, რომ სხვა მოლოდიი არ ჰქონდათ. მისივე თქმით, 2008 წლის მოვლენების შესახებ მსოფლიოსთვის სიმართლის გასაგებად ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ბიბილოვის მტკიცებით, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას მათი უგულებელყოფით უცნაური და სრულიად გაუგებარი დასკვნებით იხელმძღვანელა.

"ვერ ვიტყვი, რომ სხვა გადაწყვეტილებას ველოდით. მათი ლოგიკით, თუ საქართველო სამხრეთ ოსეთზე ფიზიკურ კონტროლს ვერ ახორციელებდა, ასობით მოკლულ და დაჭრილ მშვიდობიან მოქალაქეზე პასუხისმგებლობა არ უნდა ეკისრებოდეს?", — ამბობს ბიბილოვი რესთან.

ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლების საჩივრები, რომლებიც ქართულ მხარეს მათი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საქმეზე ადასტურებს საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორცელებდა კონტროლს ამ რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. მისი თქმით, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ამ ფაქტორიდან გამომდინარე, შეუძლებელია რაიმე დარღვევა შეერაცხოს საქართველოს.

ეს გადაწყვეტილება შეაფასა პრეზიდენტმაც. მისი თქმით, ევროპული სასამართლოს განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა.

21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ აგვისტოს 2008 წლის ომზე საქართველოს ყველა ძირითადი სარჩელი დააკმაყოფილა. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის (კონვენციის მე-3 მუხლი) რუსეთი დაადანაშაულა.

სასამართლოს დიდმა პალატამ, კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად, რაც სიცოცხლის უფლებას გულისხმობს, ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისთვის რუსეთის პასუხისმგებლობა დაადგინა.