NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 22 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომ რუსეთს არ აქვს არავითარი უფლება, რომ ვეტოს დადება სცადოს ან რომელიმე სუვერენული სახელმწიფო ალიანსში გაწევრიანებისგან შეაჩეროს. სტოლტენბერგს ჟურნალისტმა ჰკითხა, უნდა აწუხებდეს თუ არა რუსეთს უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი, რომელსაც პუტინი საფრთხედ აღიქვამს.

"არა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ NATO არის თავდაცვითი ალიანსი და ასევე ნაწილობრივ იმიტომ, რომ ეს უკრაინასა და NATO-ს მოკავშირეების გადასაწყვეტია, როდის იქნება უკრაინა მზად, რომ ალიანსს შეუერთდეს. არცერთ სხვა ქვეყანას არ აქვს უფლება, რომ ჩაერიოს ან რაიმე თქვას ამ პროცესში, რადგან უკრაინა სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანაა", — განაცხადა მან.

მისი თქმით, სუვერენულ და დამოუკიდებელ ერებს აქვთ უფლება, თავად გადაწყვიტონ საკუთარი გზა. ამასთან, როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ეს მხოლოდ უკრაინისა და მათი მოკავშირეების გადასაწყვეტია, აკმაყოფილებს თუ არა იგი NATO-ში წევრობის სტანდარტებს.