ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები ოპონენტების დემონიზებისა და სიძულვილის დათესვასთან ერთად, ფაშიზმის მსხვერპლთა შეურაცხყოფაცაა. ბოკერიას თქმით, როდესაც ადგილობრივ ოპონენტს ასეთ ბოროტებას ადარებ, ეს ნიშნავს, რომ ტრაგედიის მსხვერპლ ადამიანებს პატივს არ სცემ.

"თავი რომ დავანებოთ ოპონენტების დემონიზებასა და სიძულვილის თესვას, ვერც კი ხვდებიან, უკვე მერამდენედ რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ, ფაშიზმის, კაცობრიობის ისტორიაში სტალინიზმ-კომუნიზმთან ერთად ყველაზე დიდი ბოროტების მსხვერპლთა ხსოვნას.

სიტყვებს მნიშვნელობა აქვს, როდესაც ამხელა ბოროტებას ადარებ შენს ადგილობრივ ოპონენტს. ეს ნიშნავს, რომ იმათ ხსოვნას პატივს არ სცემ, გაუფასურებას ახდენ ნებისმიერი ტრაგედიის. ეს იყო უზარმაზარი ტრაგედია, მილიონობით ადამიანი, რომელიც შეეწირა ამ ბოროტებას, არის შეურაცხყოფილი პოლიტიკური არარაობების მიერ ამ თემის ასე უტიფრად გამოყენებით", — ამბობს ბოკერია.

დღეს, 22 ოქტომბერს ღარიბაშვილმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰიტლერთან შედარება არარელევანტურია, თუმცა მაინც შეადარა. მისი აზრით, ექსპრეზიდენტი ყველაფერში ბაძავს მას და "გამოდის ფეიკი ჰიტლერი".