შეიძლება, 1200°C-ში, ალმოდებული სახლის შუაგულში 48 წამი ისე იდგე, რომ არაფერი დაგეწვას. იმავე პირობებში 15 წუთი შეიძლება ისე გაძლო, რომ არც კი დაგცხეს. ეს მაშინ, თუკი ქართული სტარტაპის მიერ დამზადებული "ცეცხლგამძლე" უნიფორმებიდან ერთ-ერთი მაინც გეცმევა და არა, ეს არ არის რომელიმე Sci-Fi ფილმის სცენის აღწერა.

მანეკენი, რომელიც ცეცხლს გადაურჩა

ერთ წვიმიან დღეს თბილისში, ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში შევდივარ და დამწვრის სუნს ველოდები. თუ ქართული სტარტაპის Elven Technologies საქმიანობის სპეციფიკას გავითვალისწინებთ, ეს საფუძვლიანი მოლოდინია. თუმცა, ამჯერად ექსპერიმენტი არ ტარდება — არაფერს წვავენ. აქ, როგორც ამბობენ, 1968 წლის შემდეგ პირველად ცდილობენ მეხანძრის უნიფორმაში გამოყენებული ტექნოლოგიის შეცვლას.

ქვემოთ სახელოსნოა, ზემოთ — ოფისი. სახელოსნოში, ერთი შეხედვით გაუგებარი დანიშნულების მოწყობილობების გვერდით ექსპერიმენტგამოვლილი მანეკენი მხვდება, მუცლისა და ბარძაყის არეში ამომწვარი კოსტიუმით. სანდრო ამბობს, რომ მან 1200 გრადუსს 48 წამი გაუძლო, ეს კი აქამდე არსებულ მსგავსი უნიფორმების შედეგზე (8-10-წამიანი დაცვა) 5-6-ჯერ უკეთესია.

ოფისი დიდია. ქვედა სართულზე გაგრილების სისტემაზე მუშაობენ, ზემოთ კი სტარტაპის კოსტიუმის დიზაინერი — ბელა მორიგ უნიფორმას კერავს. ჩვენი ინტერვიუ 3D პრინტერების, ბელას საკერავი მანქანისა და ჩაის ფონზე უნდა წარიმართოს, წინ კი "თასქებით" გადავსებული თეთრი დაფაა, რომლიდანაც ჩემი "უცხო თვალი" აზრის გამოტანას არც ცდილობს (და აზრი არც აქვს).

აქ იქმნება კოსტიუმი, რომელმაც მთლიანად უნდა შეცვალოს ხანძრის მართვის მიდგომა, ეს კი ეხება როგორც შენობებში არსებულ, ასევე ტყის ხანძრებს, რომლებიც გლობალური დათბობის პირობებში, სამწუხაროდ, სულ უფრო მწვავე პრობლემა ხდება. აქ იქმნება მეხანძრის კოსტიუმი, რომელიც მომავალში აშშ-ში გამგზავრებისა და კოსმოსური კოსტიუმის შექმნის წინაპირობად უნდა იქცეს. თუ როგორ, ამას სანდრო ჩუბინიძე მომიყვება, Elven Technologies-ის თანადამფუძნებელი.

იდეიდან უნიფორმის მაჯამდე

Elven Technologies-ის იდეის წინაპირობა რამდენიმე წლის წინ, ისრაელში გაჩნდა, როცა მის ერთ-ერთ დამფუძნებელს — მედიცინის მიმართულებით მომუშავე ვამეხ ხერხეულიძეს ქუჩაში გადაადგილებისას ძალიან სცხელოდა. "რატომ არ გვაქვს ისეთი უნიფორმები ან ტანსაცმელი, რომელიც თავისით გრილდება", — გაიფიქრა მან და ეს სწორედ ის მომენტი იყო, საიდანაც ყველაფერი დაიწყო, მაგრამ მოულოდნელად განვითარდა. ჯერ გუნდს გაგრილების სისტემა ბოლომდე არ შეუქმნია, ხოლო არსებული პროტოტიპი პირველადი იდეისგან განსხვავდება. ვამეხი ისრაელიდან ცდილობდა პროექტზე მუშაობას, საქართველოში კი საქმის მეორე ნაწილს ელექტროინჟინერი — გიორგი გაბარაშვილი ასრულებდა. შემდეგ შეხვდნენ, ნაწილები შეაერთეს და რადგან იმუშავა გადაწყვიტეს, შეექმნათ უნიფორმა, რომელიც სიცხისგან დაგვიცავდა.

"პირველი გრანტი GITA-სგან აიღეს, 5 000 ლარის ოდენობით და გამოიწერეს მასალები პროტოტიპის დასამზადებლად. ამ პროცესში კი მატერიალების ისეთ კომბინაციას მიაგნეს, რომელიც არ იწვოდა, არ ატარებდა ტემპერატურას, ეს კი იდეალური იყო მეხანძრეებისთვის. ამ აღმოჩენის შემდეგ ვამეხი საქართველოში დაბრუნდა, დააარსა კომპანია და დაურეკა მის ყოფილ სტუდენტ სანდროს, ანუ მე. ამ დროს გენეტიკის ლაბორატორიაში ვმუშაობდი და სამეცნიერო სამუშაოთი ვიყავი დაკავებული. ახლაც სამეცნიერო საქმიანობას ვეწევი, უბრალოდ მეტად გამოყენებითი მეცნიერების კუთხით", — ამბობს სანდრო ჩუბინიძე.

ამის შემდეგ გუნდმა GITA-ს 100 000-ლარიანი გრანტი აიღო, რაც მასალების შესაკვეთად გამოიყენა. ამ დროს "გვქონდა ერთი საკერავი მანქანა და ერთი ოფისი დიღომში. ვამეხს სწამდა, რომ უნიფორმა უნდა შეეკერა თვითონ, რადგან ვერ იპოვიდა ისეთ მკერავს, რომელიც ამ დავალებას გაართმევდა თავს. ამიტომ გვქონდა მაშინ მხოლოდ მაჯა, რომელიც ვამეხმა შეკერა".

მკერავის პოვნის ორი წარუმატებელი ცდის შემდეგ იპოვეს ბელა ბუცხრიკიძე, ახლანდელი კოსტიუმის დიზაინერი, რომელმაც, როგორც სანდრო ამბობს, ერთ კვირაში შეძლო "რკინის კაცის ხელის მსგავსად ლამაზი ნიმუში მოეტანა". ბელა აიყვანეს, თუმცა, ამ პერიოდს კორონავირუსის პანდემიის დაწყება დაემთხვა...

#დარჩისახლში ან იმუშავე ავტოფარეხში

"კორონავირუსის პანდემია რომ დაიწყო ძალიან გვიჭირდა, რადგან ზუსტად იმ მომენტამდე ვიყავით მისულები, რომ ინვესტიცია უნდა აგვეწია. დიდი ინვესტორებიც გვყავდა ნაპოვნი და დემო დღეები ორ კვირაში იყო ჩანიშნული, მაგრამ ვეღარ მოვასწარით, რადგან ადამიანების დაპატიჟება აღარ იყო მიღებული ამბავი. ვერ მოვიზიდეთ თანხა, ოფისიც აღარ იყო, არც საკმარისი თანხა. 3 000 ლარი ანგარიშზე, მასალები და იდეები გვქონდა, ასევე, ბელა გვყავდა", — ამბობს სანდრო.

3 000 ლარი ამბიციური სტარტაპ იდეის განსახორციელებლად ნამდვილად არ არის საკმარისი, მით უფრო მაშინ, როცა არც ოფისი გაქვს, არც საჭირო ინსტრუმენტები, ხოლო საქართველო, მსოფლიოსთან ერთად, პანდემიასთან გამკლავებას სოციალური დისტანცირებითა და #დარჩისახლშის მოწოდებით ცდილობს. ეს მთელი კოსტიუმიდან მხოლოდ მაჯის ნაწილის მქონე სტარტაპისთვის საერთოდ არ არის ხელსაყრელი დრო. მით უმეტეს, როცა შენი პროდუქტი პანდემიასთან გამკლავებაში ვერც ბიზნესს დაეხმარება და ვერც უბრალო მომხმარებლებს, ინვესტიციის მოზიდვა კი ვერ მოასწარი.

ავტოფარეხი — Elven-ის სამუშაო სივრცე პანდემიის დაწყებისას

"მაშინ გუნდის წევრები რაღაც პარკში შევხვდით ერთმანეთს და ვთქვი, საერთოდ რომ არ გავჩერდეთ, მოდი ავტოფარეხი ვიქირაოთ-მეთქი. ვიქირავეთ 15 კვადრატული მეტრის სიდიდის ავტოფარეხი, რომელშიც ვამეხი ფეხზე რომ დგებოდა თავს ურტყამდა ჭერს. არც გათბობა იყო იქ და სულ ციოდა. იმ ავტოფარეხში იმდენი ვიმუშავეთ, რომ მცირე ინვესტიციები მოვიძიეთ და იქამდე მივიყვანეთ ყველაფერი, რომ საბოლოო ჯამში, ამერიკელი ვენჩერ კაპიტალ სტუდიო დაინტერესდა ჩვენით და ჩადეს ჩვენში 50 000 დოლარი, მანამდე ახლობლებისგან გვქონდა 45 000 დოლარი, რომელსაც GITA-ს 65 000-დოლარიანი გრანტიც დაემატა. იქიდან მოყოლებული ყველაფერი მიდის კარგად".

უნიფორმის დაწვა — ექსპერიმენტი 1200C გრადუსზე

მსოფლიოს მასშტაბით არაერთი კომპანია აწარმოებს მეხანძრის უნიფრომას, თუმცა, როგორც სანდრო მიყვება, ტექნოლოგია, რომელსაც მსგავსი კოსტიუმის შექმნისას ეყრდნობიან 1968 წელსაა შემუშავებული და მას შემდეგ არ შეცვლილა. ამ კუთხით ინოვაციას ხელს უშლის ბიუროკრატია დიდ კორპორაციებში, ასევე, ხანძრის მართვის ახალ მიდგომებზე ფიქრისას ყურადღების დრონებსა თუ სხვა მოწყობილობებზე მიპყრობა, ნაცვლად მეხანძრის მთლიანი კოსტიუმის დიზაინსა და ფუნქციურობაში სიახლის შეტანისა.

ჩვენი პირველი უნიფორმა, რომელმაც ინვესტიცია მოგვიტანა, დავწვით".

Elven-ში ამბობენ, რომ უამრავ ინვესტორთან ჰქონიათ შეხება და დამოუკიდებელი ძიების გზითაც ჯერჯერობით არ უპოვიათ კომპანია, რომელიც მათ მსგავს პროდუქტზე მუშაობს. მათი პროდუქტი კი ამ ეტაპზე კოსტიუმის პროტოტიპია, რომელსაც ამდენი ხანი ქმნიდნენ და რომელიც შექმნიდან მალევე დაწვეს.

ექსპერიმენტისას გარშემო სპილენძი დავადნეთ და უნიფორმას 48 წამი არაფერი მოსვლია".

"არსებობს რამდენიმე სახის უნიფორმა მეხანძრეთათვის. ჩვენი უნიფორმა იყო მძიმე, ყველაზე მეტად დაცული და აჩვენა, რომ თავის კლასში საუკეთესოა. აქამდე არსებული უნიფორმები იმავე ტემპერატურაზე მეხანძრეს 8-10 წამის განმავლობაში იცავს. ექსპერიმენტისას ჩვენი უნიფორმა ეცვა მანეკენს სენსორებით და პირველი სენსორი 48 წამზე გაწითლდა. ეს ნიშნავს, რომ ის არის, დაახლოებით, 5-6-ჯერ უკეთესი, ვიდრე ამ კატეგორიის სხვა კოსტიუმები".

რა მატერიაა?

რა თქმა უნდა, ამ კითხვაზე პასუხს ვერ მივიღებთ, რადგან ეს სწორედ ის საიდუმლოა, რომელმაც სტარტაპის წარმატება უნდა განაპირობოს. ამბობენ, რომ ქსოვილი, რომელიც სხვადასხვა, ჩვენთვის უცნობი მატერიალების კომბინაციით მიიღეს, ინოვაციურია, ისევე, როგორც ამ მატერიალების დამუშავების ტექნოლოგია.

"ჩვენ მიერ ამ საქმეში გამოყენებული მატერიალები კომბინაციაში ისეთ შედეგს იძლევა, რომელიც ცალკე განაპირობებს ჩვენი უნიფორმის ინოვაციურობას. ტექნოლოგია, რომლითაც ვკერავთ უნიფორმას ასევე განსაკუთრებულია და არ არსებობს სხვაგან, ბელამ გამოიგონა", — ამბობს სანდრო.

ჩვენი საუბრის პარალელურად, გვერდით ოთახში ბელა ისევ კერავს კოსტიუმს, მის მიერ გამოგონებული მიდგომით, ჩვენ კი მხოლოდ საკერავი მანქანის ხმა გვესმის. როგორც სანდრო ამბობს, სტარტაპერების ცხოვრება საკმაოდ ცვალებადი განწყობებით გამოირჩევა. ერთ დღეს შეიძლება ეგონოთ რომ მორჩა, აღარ გამოდის და უნდა შეეშვან რაღაცის შეცვლის მცდელობას, მეორე დღეს კი ერთი სული აქვთ ერთმანეთს ახალ იდეებს როდის გაუზიარებენ.

"ოფისში ძალიან ცვალებადი ამინდია, იქიდან გამომდინარე, თუ რა პრობლემებს ვაწყდებით. სტარტაპერის ცხოვრება მშვიდი და მდორე არასდროსაა. ერთ დღეს გვგონია, რომ ვიღუპებით, მეორე დღეს გვგონია, რომ ავშენდით და მესამე დღეს გვგონია, რომ ისევ ვიღუპებით. ეგეთი დინამიკა ახასიათებს, ვიწყენთ და შემდეგ გვიხარია. ჩვეულებრივი დღეები კი კოსტიუმის გაუმჯობესებაზეა ხოლმე ორიენტირებული".

ისეთი პრობლემები ბევრჯერ ყოფილა, რომ გვითქვამს: 'მორჩა, ანუ ვერ ვაკეთებთ და დავიშალეთ'. მეორე დილას ოთხივე ვხვდებით და ოთხივეს გვგონია, რომ ერთმანეთზე მაგარი იდეები გვაქვს".

დღეს ასეთი "ჩვეულებრივი დღეა", ხოლო არაჩვეულებრივ დღეებში, ყველა დიდი გადაწყვეტილების წინ გუნდი იკრიბება, თეთრ დაფაზე წერენ ყველაფერს, რისი დაგეგმვას საჭიროა. სვამენ კითხვებს: რისთვის გვინდა? როგორი გვინდა? რის შემდეგაც თანხმდებიან, რა იქნება საუკეთესო პასუხი ამ კითხვებზე, საქმეებს კომპეტენციების გათვალისწინებით ინაწილებენ, პარალელურად მუშაობენ და შედეგებით ხელში იკრიბებიან.

გიორგი ელექტრობაზე მუშაობს, ვამეხი და სანდრო დეტალებს 3D პრინტერებზე ამზადებენ, ხოლო ბელა, როგორც კოსტიუმის დიზაინერი ამ ყველაფერს კრავს და ერთიან სახეს აძლევს. ასე იქმნება ინოვაციური მატერია, რომელიც ინოვაციური მეთოდითვე იკერება და საბოლოოდ, მეხანძრეთა უნიფორმად იქცევა. თუმცა, საბოლოო მიზანი მეხანძრის უნიფორმის დამზადება არაა. ეს მხოლოდ საშუალებაა, რომლის გავლითაც გუნდი უფრო დიდ მიზნამდე — კოსმოსური კოსტიუმის შექმნის შესაძლებლობამდე უნდა მივიდეს.

კოსმოსური კოსტიუმის შესაქმნელად

Elven-ის მიზანი, მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად გუნდი მეხანძრის უნიფორმის შექმნაზე მუშაობს, მეხანძრის უნიფორმის წარმოება არაა. ერთი შეხედვით, უცნაური ამბავია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ ამბის მიზეზს გაიგებთ, ყველაფერი ლოგიკურ ჩარჩოს დაუბრუნდება. გუნდს უნდა მეხანძრის უნიფორმით ნაშოვნი ფინანსები დამოუკიდებლად, კოსმოსური კოსტიუმის შექმნისკენ მიმართოს.

"ჩვენი სტრატეგია არ არის ამ ყველაფრის წარმოება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მივყიდოთ ლიცენზია რომელიმე მწარმოებელ კომპანიას და იმან თითო გაყიდული უნიფორმიდან წილი გადაგვიხადოს, ან პირდაპირ გამოგვისყიდოს. წარმოებისგან განსხვავებული მიზანი გვაქვს ჩვენ, როგორც კომპანიას, რადგან გვინდა კოსმოსურ კოსტიუმზე მუშაობა. ის გზა, რომელიც დავისახეთ, რომ კოსმოსურ კოსტიუმზე გვემუშავა, მოიცავს იმას, რომ ჯერ ვიშოვოთ ფული, ხოლო იმისთვის, რომ ფული ვიშოვოთ მეხანძრის უნიფორმა თითქმის აწყობილი გვაქვს", — ამბობს სანდრო.

კოსმოსური კოსტიუმი 6 ძირითადი ტექნოლოგიისგან შედგება, გუნდს აქედან ერთი, გარემოსგან დაცვის ტექნოლოგია უკვე აქვს, ხოლო მეორე — გაგრილების სისტემა მალე ექნება.

ფოტო: Elven Technologies

"ჩვენი ხედვით, ვართ Space Suit Company, რომელიც იწყებს უფრო დაბალი საფეხურიდან. ეს არის ის გზა, რომელიც ავირჩიეთ, თუმცა ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს. არის ჰორიზონტზე ისეთი პარტნიორები, რომლებმაც შეიძლება გვითხრან, რომ მე ვიყიდი შენს კომპანიას და იმუშავე კოსმოსურ კოსტიუმზე, როგორიც არის SpaceX და რომელთანაც კონტაქტი გვქონია", — ამბობს სანდრო.

კიდევ ერთი ინოვაცია — გაგრილების სისტემა

"ვმუშაობთ გაგრილების სისტემაზე, რომელიც ჩაიდება მეხანძრეთა უნიფორმაში. ეგ უკვე ისეთი რამეა, რაც ჯერ არავის გაუკეთებია. მეხანძრის უნიფორმას აქტიური გაგრილების სისტემა ჯერ არ აქვს და ეგ არის ძალიან დიდი ინოვაცია".

როგორც სანდრო მიყვება, Elven-ის გაგრილების სისტემა ორი მნიშვნელოვანი რამით განსხვავდება სხვებისგან. პირველი ეს არის ტექნოლოგია, რომელიც სხვაგან არ გამოიყენება და ეფექტიანია, ხოლო მეორე — ისინი გაგრილებული სითხის გადანაწილებას მთელ სხეულზე აპირებენ. სხვა სისტემებში მილია გამოყენებული და ასე ვთქვათ, "ამინდს ქმნის", Elven-ში კი მთელი შრის შექმნას აპირებენ და ამ შრით შიგნიდან მთელი უნიფორმის დაფარვას.

"უბრალოდ ამინდის შესაქმნელად კი არ არის ჩვენი გაგრილების სისტემა, არამედ დამცავი შრეა. ამან კი 48 წამი, რომელიც ექსპერიმენტით მივიღეთ, შეიძლება გაზარდოს 15 წუთამდე ისე, რომ შეიძლება აალებულ შენობაში შევიდეს მეხანძრე და 15 წუთი არაფერი დაუშავდეს. გაგრილების სისტემა ოდნავ დაამძიმებს უნიფორმას, თუმცა, თავისი დაცვის დონით მსგავს უნიფორმებს რომ შეადარო, არის 70%-ით მსუბუქი. ეგ კი დიდი პლუსია".

მეხანძრეთა წვრთნები Elven-ის უნიფორმით

Elven მეხანძრეებთან აქტიურად თანამშრომლობს და მათთვის განკუთვნილი პროდუქტის შექმნისას, ბუნებრივია, მათ აზრსა და უკუკავშირს ითვალისწინებს. მათივე რჩევით, უფრო მსუბუქი და მოხერხებული სამი კოსტიუმის პროტოტიპი შეიქმნა, ექსპერიმენტი ერთად ჩაატარეს, ახლა კი დამატებით ორი სახის უნიფორმაზე მუშაობენ. ამის შემდეგ მეხანძრეები უკვე წვრთნას გაივლიან Elven-ის უნიფორმებით და კონსტრუქციულ უკუკავშირსაც მიაწვდიან კომპანიას. პროდუქტის დახვეწის კუთხით ეს გადამწყვეტი სიტყვა იქნება.

"მას შემდეგ, რაც გამოცდიან და გვეტყვიან რა გავაუმჯობესოთ, ამ მსუბუქი უნიფორმების წაღებას ვაპირებთ ამერიკაში. ჩვენი პარტნიორი ვენჩერ სტუდიო ვინც იყო, იმათთან გვქონდა შეთანხმება, რომ უნიფორმის შექმნის შემდეგ მივდიოდით სილიკონ ველიზე პროტოტიპებით და ვეცდებოდით ინვესტიციის მოზიდვას. პირობა გვაქვს მიცემული ერთი სილიკონ ველელი ბიზნესმენისთვის, რომ ჩავაცვამთ და ცეცხლს წავუკიდებთ, მაგრამ არ დაიწვება. ამერიკაში წასაღებ უნიფორმაზე როცა ვმუშაობთ ვითვალისწინებთ, რომ ადამიანი რომ ჩაიცვამს საერთოდ არ დაიწვას, თან დაახლოებით 1200 გრადუსზეც".

ეს ფაზა დგება ჩვენს განვითარებაში — აქ ვიწყებთ მეხანძრეთა წვრთნებს, ჩვენი უნიფორმებით, რის შემდეგაც მიგვაქვს ის ამერიკაში, სილიკონ ველიზე".

რაც შეეხება ტყის ხანძრებს, ამ კუთხით კიდევ უფრო სტრატეგიულია სწორ ადგილებში მოხდეს კერების ჩაქრობა, ამ მხრივ კი ხშირად არა ვერტმფრენები ან დრონები, არამედ უშუალოდ ადამიანები ასრულებენ ხოლმე მნიშვნელოვან როლს. სწორედ ამიტომ, Elven-ში მიაჩნიათ, რომ ამ ტიპის ხანძრებთან ბრძოლისას ადამიანების უსაფრთხოებისთვის სხვა პროფილის უნიფორმები უნდა შექმნან.

ამერიკული ოცნება, მსოფლიო ბაზარი და ინვესტიციის საჭიროება

საქართველოში ჰარდვეარ სტარტაპები ძალიან ცოტაა, ეს კი ქვეყანაში სხვადასხვა პროდუქტის ფიზიკურად წარმოების შეუძლებლობითაა გამოწვეული. სწორედ ამიტომ, ასეთი სტარტაპები როგორც ინვესტიციის, ასევე წარმოების თვალსაზრისით უცხოურ ბაზრებზე არიან დამოკიდებული.

"ჰარდვეარ სტარტაპები რთული საკეთებელია აქ, რადგან 3 წელია ვმუშაობთ და სამივე წელია ვითხოვთ CNC (Computer numerical control) მანქანას, რომელიც წარმოების პროცესისთვის აუცილებელია. გვინდა ისეთი, რომელიც რკინაზე მუშაობს და საქართველოში არ არის ეგეთი მანქანა. არავის არ აქვს და ვართ ასე, ძალიან ნელა მივდივართ წინ. ამიტომ, ლოგიკური გაგრძელება ჩვენთვის არის ამერიკაში გადასვლა და იქ გაგრძელება მუშაობის", — ამბობს სანდრო ჩუბინიძე.

Elven-ს უკვე ჰქონდა კონტაქტი აშშ-ს სალიცენზიო კომპანიასთან. აღმოჩნდა, რომ წარმოების ლიცენზიის მისაღებად, დაახლოებით, 400 000 დოლარი, სხვადასხვა ზომის 74 უნიფორმა და მონაცემებია საჭირო. აშშ-ში ლიცენზიის მიღების შემდეგ კი რეალისტურია მსოფლიო ბაზარზე გასვლა. გარდა ამისა, სილიკონ ველიზე მათ უკვე ელოდება ვენჩერ სტუდიო, რომელმაც თავის დროზე ჩადო ინვესტიცია სტარტაპის განვითარებაში.

"ახლა გვაქვს ინვესტიციის მოზიდვის მეორე რაუნდი. რომლის ფარგლებშიც ვეძებთ 150 000 დოლარს. რაც მოხმარდება არენდის გაგრძელებას, პროდუქტზე მუშაობას და ამერიკაში ჩვენი პროდუქტის წაღებას. რამაც უნდა მოგვაზიდინოს 2-დან 3 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია. რის შემდეგაც უნდა მოხდეს ამერიკაში სამუშაო სივრცის მოწყობა და იქ გადასვლა".

ჩვენი უნიფორმა მთლიანად ფარავს სხეულს და თუ ის დაინერგა, აუცილებლად შეცვლის იმ მეთოდებს, რომლითაც ებრძვიან ხანძარს".

აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით ხანძარს ებრძვიან დისტანციიდან, რადგან არ აქვთ შესაბამისი უნიფორმა. მეხანძრეები უშუალოდ ალთან კონტაქტში არ შედან. ის რომ მეხანძრეები ვერ შედიან ალთან კონტაქტში ნიშნავს, რომ თუ შენობაში ხანძარია ნელ-ნელა მიუყვებიან მას. ჯერ წყლით გზას იკვალავენ, ჯერ ერთ ოთახს აქრობენ, შემდეგ მეორეს. ეს ძალიან გრძელი პროცესია და დიდი დრო მიაქვს. თუ ადამიანებია გადასარჩენი ზოგი მეხანძრე სიცოცხლეს რისკავს და ასეთ შემთხვევებში ხდება ლეტალობაც. Elven-ს ამ ყველაფრის შეცვლა შეუძლია, მაგრამ, როგორც უკვე იცით, ეს მისი ერთადერთი ან მთავარი მიზანი არ არის.

მეხანძრის უნიფორმა ერთგვარი საშუალებაა გუნდისთვის, რომელმაც კოსმოსურ კოსტიუმზე მუშაობის შესაძლებლობა უნდა გააჩინოს. "პირდაპირ ვიტყვი, რომ კოსმოსურ კოსტიუმზე საქართველოში ვერ ვიმუშავებთ. ელემენტარულად, იმ დეტალებს ვერ დავამზადებთ, რომლებიც აუცილებელი იქნება", — ამბობს სანდრო. მე კი დანანებით აღვნიშნავ, რომ საქართველოში ძალიან ცოტა ჰარდვეარ სტარტაპია და ვინც არის ისიც წასვლას აპირებს. საპასუხოდ კი Elven-ისგან 3-მილიონიან დაპირებას ვიღებ: "ბევრ ფულს რომ ვიშოვით ერთი კარგი CNC მანქანა უნდა დავდგათ თბილისის ცენტრში".