კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მიერ უარყოფითად განწყობილი ადამიანები არაერთ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, რომელთა შორის ერთ-ერთი მთავარი უშვილობის შესახებ მითია, მიუხედავად იმისა, რომ ეს სამეცნიერო კვლევებით არ დასტურდება. სოციალური ქსელების მასშტაბურობისა და "პროფესიონალურად" მომზადებული ფეიკ ნიუსების გამო, მოქალაქეებს ხშირად უჭირთ განასხვაონ, სად არის მითი და სად — რეალობა. ფეიკ ნიუსების შემქმნელები საზოგადოების შიშებით მანიპულირებენ — მათ კარგად იციან, რა გვაწუხებს ყველაზე მეტად. შვილის გაჩენის შესაძლებლობა უამრავი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა იმ ტიპის საზოგადოებაში, როგორიც ჩვენ ვართ, ამას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი მთავარი, რის გამოც ადამიანები დღეს აცრას არ იკეთებენ, სწორედ ის მითია, რომ ვაქცინა უშვილობას იწვევს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სიცრუეა და არც ერთი კვლევით არ დასტურდება, ინფორმაციის გადამოწმების არცოდნის გამო, ანტივაქსერული კამპანიის მესვეურებმა მოახერხეს და ადამიანების ნაწილი სანდო კვლევებს ეჭვის თვალით უყურებს.

On.ge-მ გადაწყვიტა, გასაუბრებოდა იმ ადამიანებს, რომლებმაც სხვადასხვა ვაქცინა გაიკეთეს და შემდეგ — დაორსულდნენ. როგორც აღმოჩნდა, ასეთი საკმაოდ ბევრია.

ფოტო: ნინო ლეკიშვილი

27 წლის ნინო ლეკიშვილს ვაქცინის ეფექტურობის და იმის სჯერა, რომ ეს პანდემიის დასრულების ერთადერთი საშუალებაა. შვილის გაჩენა სურდა და ამისთვის ემზადებოდა. ასტრაზენეკას პირველი დოზა მარტის ბოლოს გაიკეთა, მეორე — ივნისში. აცრილია მისი პარტნიორიც. ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან თვე-ნახევარში გაიგო, რომ ორსულადაა.

ნინო ამბობს, რომ უშვილობა ადამიანების დასაეჭვებლად, შესაშინებლად სენსიტიური თემაა და სწორედ ამიტომ იყენებენ ამ მითს, თუმცა მისი და მის გარშემო ბევრი ადამიანის მაგალითი საწინააღმდეგოზე მეტყველებს.

"ყველას ვურჩევ, გაეცნონ სანდო წყაროებს, მოიძიონ სწორი ინფორმაცია. ნუ აჰყვებიან სოციალურ ქსელში მთლიანად ტყუილზე და დეზინფორმაციაზე აგებულ ისტორიებს. ვაქცინაციას შეუძლია უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა", — ამბობს ნინო.

28 წლის თამარ ზამთარაძე მომავალი ექიმია — ის პლასტიკური ქირურგიის რეზიდენტია და სწავლასთან ერთად, აქტიურად მუშაობს. გვიყვება, რომ როგორც კი ექიმებს ვაქცინაციის საშუალება მისცეს, აცრაზე მაშინვე დარეგისტრირდა და აპრილში ფაიზერის პირველი დოზაც გაიკეთა.

ფოტო: თამარ ზამთარაძე

"სიმართლე გითხრათ, არ ვგეგმავდი ამ ეტაპზე ორსულობას, პროფესიიდან გამომდინარე, სხვაგვარად მქონდა სამომავლო გეგმები გონებაში დალაგებული, თუმცა ცხოვრებამ ასეთი სასიამოვნო სიურპრიზი მომიწყო. მაისის დასაწყისში დადგა ორსულობა და ვაქცინის მეორე დოზა ამავე თვის ბოლოს გავიკეთე, ანუ ორსულობის პირველ ტრიმესტრში", — ამბობს ის.

მაშინ, როცა თამარმა მეორე დოზა გაიკეთა, საქართველოში ორსულების ვაქცინაცია არ იყო დაშვებული. ამიტომ გაეცნო სხვა ქვეყნების გამოცდილებას, წაიკითხა კვლევები და ამაზე დაყრდნობით გადაწყვიტა, რომ უნდა აცრილიყო.

"აღმოვაჩინე, რომ უკვე არსებობდა ბევრი ქალი მსგავსი ისტორიით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამას პირიქით, ძალიან სასიხარულო ამბად მიიჩნევდა და ვაქცინის გაკეთებისკენ მოგვიწოდებდა. დღეს უკვე ძალიან მიხარია, გავიკეთე ვაქცინის ორივე დოზა და ორსულობის პირველივე თვიდან დაცული ვარ".

ეს სამოქალაქო პასუხისმგებლობაცაა, რეგულაციების დაცვისა და აცრის გარდა, ჩვენ, სამწუხაროდ, არაფერი შეგვიძლია

შორენა როზომაშვილი

თამარი აღნიშნავს, რომ აცრა არამხოლოდ საკუთარი თავზე, არამედ გარშემომყოფებზე ზრუნვასაც ნიშნავს. ის საუბრობს კიდევ ერთ მითზე, თითქოს სწრაფად შექმნილი ვაქცინა არასანდოა.

"თუ დღევანდელმა ვაქცინებმა ბევრად უფრო სწრაფად მოიპოვეს ჯანმოს, FDA-ს და სხვა სარეგულაციო ორგანოების ნებართვა და აღიარება, ვიდრე სხვა ვაქცინებმა ისტორიაში, ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინებმა კონტროლის რაიმე ეტაპი გამოტოვეს. ეს სისწრაფე აქამდე არნახულ რეჟიმში მუშაობის ხარჯზე განვითარდა, ამ რეჟიმში მუშაობდნენ როგორც ვაქცინის შემქმნელები, ისე სარეგულაციო ორგანოების თანამშრომლები".

ის მოქალაქეებს ურჩევს, აუცილებლად გადაამოწმონ წყაროები, საიდანაც ინფორმაციას იღებენ, წაიკითხონ სანდო სტატიები და კვლევები და ახსოვდეთ, რომ ახლა დრო ძალიან ძვირფასია.

ფოტო: შორენა როზომაშვილი

35 წლის შორენა როზომაშვილი 2 შვილის დედაა. რაც პანდემია დაიწყო, პირველ რიგში მათ ჯანმრთელობაზე ღელავს და ზრუნავს. მისთვის ვაქცინა შესაძლებლობაა, რომ ამ კუთხით უფრო მშვიდად იყოს. სინოფარმზეც პირველივე შესაძლებლობისთანავე დარეგისტრირდა, მაშინ ამ ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერ კიდევ არ ჰქონდა. აცრიდან დაახლოებით ერთ თვეში გაიგო, რომ ორსულადაა.

"შევატყობინე ჩემს ექიმს, ჩავიტარე საჭირო კვლევები და ყველაფერი წესრიგშია. მიმაჩნია, რომ აცრა არის და იყო ერთადერთი საშუალება, დავიცვა შვილები, ოჯახი და საკუთარი თავი. ეს სამოქალაქო პასუხისმგებლობაცაა, რეგულაციების დაცვისა და აცრის გარდა, ჩვენ, სამწუხაროდ, არაფერი შეგვიძლია", — ამბობს შორენა.

გარდა საკუთარი მაგალითისა, იცის არაერთი შემთხვევის შესახებ, როცა აცრილი ადამიანები ორსულდებიან.

"არ მგონია, რომ ვისაც ამ მითის სჯერა, მათ უმრავლესობას სადმე მაინც ჰქონდეს ეს ინფორმაცია გადამოწმებული. ეს უბრალოდ თავის არიდების ერთ-ერთი მიზეზია, ჩემთვის სრულიად გაუგებარი. ძალიან ვთხოვ ყველას, აიცრან. ახალი შტამის შემთხვევაში უკვე რთულია რისკჯგუფების განსაზღვრა, იმდენად მოულოდნელია. არ მინდა, ცხოვრებას ფანჯრიდან ვუყურებდეთ".

On-ge-ის კიდევ ერთი რესპონდენტი 27 წლის ქალია. მას სახელის და გვარის საჯაროდ თქმა არ სურს, რადგან ჯერ ორსულობის პირველი ტრიმესტრია და პატარა ვადის გამო ბევრისთვის ეს ამბავი არ უთქვამს. ის გვიყვება, რომ უკვე ერთი წელია ორსულობას გეგმავს, თუმცა ნაყოფის შენარჩუნება უჭირდა. უკვე სრულად ვაქცინირებული იყო, როცა გაიგო, რომ ორსულადაა.

"მეც მეშინოდა, სანამ ინფორმაციას გავეცნობოდი. როცა ცდილობ დაორსულებას, ამ დროს უფრო სენსიტიური ხარ ამ თემის მიმართ, მაგრამ წავიკითხე სამეცნიერო კვლევები, სტატიები და მივხვდი, რომ ეს თეორია უსაფუძვლო იყო. ერთი წელია ვცდილობ მეორე ბავშვზე დაორსულებას. ამ პერიოდში ორჯერ მქონდა თვითნებური აბორტი. აცრის შემდეგ ისევ დავრჩი ორსულად და საბედნიეროდ, შევძელი ნაყოფის შენარჩუნება".

ის ხაზს უსვამს, რომ აუცრელობა საფრთხის ქვეშ აყენებს არამხოლოდ ჩვენს, არამედ გარშემომყოფების ჯანმრთელობას.

"ალბათ ბევრჯერ მოუსმენიათ აცრის აუცილებლობის შესახებ, მაგრამ მგონია, სანამ თავად არ იგრძნობენ საშიშროებას, მანამ ვერ მიხვდებიან, რომ აუცრელობით საფრთხის ქვეშ აყენებენ საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს. გადახედონ სხვა ქვეყნის სტატისტიკებს, როგორ ცხოვრობენ იქ, სადაც მოსახლეობის უმეტესობა აცრილია, როგორ დაუბრუნდნენ ძველი ცხოვრების რიტმს. ჩვენ კი, ჩვენი უყურადღებობით და გულგრილობით, უკვე მეხუთე ტალღას ველოდებით".

ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი 24 წლის ქალია. ის საფრანგეთში ცხოვრობს და ივნისში აიცრა, ორსულობას არ გეგმავდა და თავს იცავდა, აგვისტოში კი გაიგო, რომ ორსულად იყო. ვინაობის დასახელება მასაც არ სურს, რადგან ამ თემაზე სოციალურ ქსელში ბევრი უარყოფითი კომენტარი იწერება.

გადახედეთ სხვა ქვეყნის სტატისტიკებს, როგორ ცხოვრობენ იქ, სადაც მოსახლეობის უმეტესობა აცრილია, როგორ დაუბრუნდნენ ძველი ცხოვრების რიტმს.

"კოვიდის უფრო მეშინია, ცოცხალი ვირუსის, არ იცი, რა გავლენას მოახდენს ორგანიზმზე, როგორ მუტირდება და როგორ დაგარტყამს სუსტ წერილში. ვაქცინის და მეცნიერების მჯერა და მინდოდა, რომ ავცრილიყავი, ასე ვიცავ ჩემ გარშემო სხვა ადამიანებსაც. ვინც გარშემო მყავს, ყველას ვეუბნები, რომ აუცილებლად უნდა აიცრან. არ აქვს მნიშვნელობა, ორსულად არიან, აპირებენ ორსულობას თუ არა. აუცილებელია აცრა, რათა პირველ რიგში დავიცვათ საკუთარი თავი და მერე გარშემომყოფები".

ფოტო: ანა გვარიშვილი

საქართველოში სინოფარმით ვაქცინაციის დაწყებიდან მალევე აიცრნენ ანა გვარიშვილი და მისი ქმარი. თბილისში ადგილები აღარ იყო და ამისთვის კახეთში წავიდნენ. შვილის გაჩენა მანამდე დაგეგმეს, მაგრამ ანა ამბობს, რომ აცრამდე არ გარისკეს.

მეორე დოზით ვაქცინაციიდან მალევე, ტესტმა დადებითი აჩვენა. ანას თქმით, საკუთარი მაგალითი რომც არ ჰქონდეს, გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი იქნებოდა ისიც, რომ ჯანდაცვის ავტორიტეტული ორგანიზაციები აცრასა და უშვილობას შორის კავშირს არ ადასტურებენ.

"ყველა იმ ქალს, ვინც ახლა ამ მიზეზით ორჭოფობს და არ იცის, აიცრას თუ არა, სრული პასუხისმგებლობით მოვუწოდებ, გაიკეთოს აცრა. მითუმეტეს, დღეს ბევრად უფრო სანდო ავტორიტეტის მქონე ვაქცინაა ხელმისაწვდომი, ვგულისხმობ ფაიზერს, რომელსაც არა გადაუდებელი, არამედ სრული ავტორიზაცია აქვს და ერთადერთია, რომლის გაკეთებაც ორსულობაშიც შეიძლება".

ანას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა დაინფიცირებისგან სრულად არ გვიცავს, თავადაც და მისი ქმარიც სამსახურში დადიან და ბევრ ადამიანთან უწევთ კომუნიკაცია, არცერთს კორონავირუსი არ ჰქონია.

"არსებულ რეალობაში ერთადერთი გამოსავალი აცრაა, სხვაგვარად ვერც თავებს დავიცავთ და ვერც ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს. ვიცოდი, რომ ორსულობისას სეზონური გრიპის გადატანაც კი საკმაოდ ბევრ რისკს შეიცავს, რომ აღარაფერი ვთქვა ახალ კორონავირუსზე და, სამწუხაროდ, რაც მოგვიანებით მოხდა, ვგულისხმობ 11 ორსული ქალის კორონავირუსით გარდაცვალებას, ამის ნათელი მაგალითია", — ამბობს ანა.

ფოტო: თაია მხარაშვილი

როცა დაორსულდა, უკვე აცრილი იყო თაია მახარაშვილიც. გვიყვება, რომ იანვარში კორონავირუსი გადაიტანა და მცირეწლოვანის შვილის ჩათვლით, ოჯახში სამი ადამიანი დააინფიცირა. მაშინ თქვა, რომ როგორც კი ქვეყანაში ვაქცინა შემოვიდოდა, აუცილებლად აიცრებოდა. ამიტომ ფაიზერს აღარ დალოდებია, სინოფარმით აიცრა და არ ნანობს — ინფიცირებიდან ნახევარ წელში ანტისხეულები თითქმის აღარ ჰქონდა, აცრის შემდეგ კი რამდენჯერმე იყო ინფიცირებულის კონტაქტი და კოვიდი არ დადასტურებია.

"არ ვიცი, საიდან მოვიდა მითი უშვილობაზე ან როგორ ირწმუნა ხალხმა, მაგრამ ფაქტია და სოციალური ქსელითაც არაერთი ქალისგან შევიტყვე, რომ ვაქცინაციის შემდეგ უპრობლემოდ დაორსულდნენ. აღმოჩნდა, რომ ჩემს ფერტილურობაზეც არავითარი გავლენა არ მოუხდენია ვაქცინას. საკუთარი და სხვების მაგალითი მარწმუნებს, რომ ასეთ მცდარ, კვლევებზე დაუფუძნებელ და ჭეშმარიტებისგან შორს მდგომ თეორიებს არ უნდა ვენდოთ", — ამბობს თაია.

პირველ რიგში, უნდა ვიფიქროთ ბავშვებზე, რომლებიც ვერ იცრებიან, მათი დაინფიცირების წყარო კი უფროსები ვართ. ვისურვებ, რომ ყველამ გავაცნობიეროთ ის ვითარება, რაც ახლა ბავშვთა რეანიმაციულ განყოფილებებშია

თაია მახარაშვილი.

ის ხაზს უსვამს, რომ ინფიცირების კატასტროფული რიცხვის, სიკვდილიანობის მძიმე მაჩვენებლის შემცირება მხოლოდ მასობრივ ვაქცინაციას შეუძლია.

"მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის თებერვლიდან დღემდე ყველა რეკომენდაციას ვიცავდი და ვფრთხილობდი, ფაქტია, რომ ვირუსი ვერ ავირიდე. აქედან გამომდინარე, ჩავთვალე, რომ აცრა ერთადერთი გამოსავალია გადადების და შემდეგ უკვე გართულების რისკების შესამცირებლად", — ამბობს თაია.

რას ამბობენ სპეციალისტები

კლინიკა ინოვა ინვიტროს რეპროდუქტოლოგი და მეან-გინეკოლოგი, თეონა ტიბუა აცხადებს, რომ ვაქცინასა და შვილოსნობას შორის მტკიცებულებებზე დაფუძნებული კავშირი არ არსებობს.

თეონა ტიბუა

ფოტო: Innova

"არცერთი კვლევით არ დასტურდება, რომ ეს ვაქცინები რამე გავლენას ახდენენ ან საკვერცხეში კვერცხუჯრედების რაოდენობაზე, ან მათ ხარისხზე. იგივე შეიძლება ითქვას კაცების შემთხვევაშიც — ვაქცინის შემდეგ არანაირი ცვლილება სპერმოგრამის პარამეტრებში, როგორიცაა რაოდენობრივი და მორფოლოგიური მახასიათებლები, მოძრაობის ხარისხი და ა.შ., არ ფიქსირდება. ამავდროულად, დადასტურებულია, რომ კაცის შვილოსნობის ფუნქციის მხრივ ძირეულ ცვლილებებს იწვევს კორონავირუსი — ეს შეიძლება იყოს როგორც ერექციული დისფუნქციის სახით გამოხატული, ასევე, უშუალოდ მნიშვნელოვნად უარესდება სპერმის ხარისხი, რაც, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება მათი შვილოსნობის ფუნქციაზე".

თეონა გვიყვება, რომ ბევრი პაციენტი კლინიკას მიმართავს კითხვით, აუცილებელია თუ არა სპერმის გაყინვა ვაქცინაციამდე, რათა "საფრთხეები" დაზღვეული იყოს. ექიმის განმარტებით, ეს საფუძველს მოკლებულია. გარდა ამისა, რეპროდუქტოლოგი აღნიშნავს, რომ ხშირად საუბრობენ ვაქცინის შემდეგ მენსტრუალური ციკლის ცვლილებაზე, რაც, მისი თქმით, ბოლო სტატიებში არ დასტურდება.

"არანაირი მტკიცებულება არ არის, რომ ვაქცინაციასა და მენსტრუალურ ციკლს შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. ერთეული მაგალითები შეიძლება უბრალო დამთხვევა ყოფილიყო".

ვაქცინა არა, მაგრამ დადასტურებულია, რომ კაცის შვილოსნობის ფუნქციის მხრივ ძირეულ ცვლილებებს იწვევს კორონავირუსი — ეს შეიძლება იყოს როგორც ერექციული დისფუნქციის სახით გამოხატული, ასევე, უშუალოდ მნიშვნელოვნად უარესდება სპერმის ხარისხი.

თეონა ტიბუა, რეპროდუქტოლოგი

თეონა მიუთითებს ევროპისა და ამერიკის რეპროდუქტოლოგთა ასოციაციების, ასევე, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა მათთვის, ვინც შვილების გაჩენას გეგმავს.

"ეს განსაკუთრებით ეხება რნმ (ფაიზერი, მოდერნა) ვაქცინებს. მე არ მინდა სხვა ვაქცინები დავაკნინო, უბრალოდ, ამ ვაქცინებზე მეტი კვლევაა ჩატარებული და რეპროდუქტოლოგებიც ამ კვლევებით ვხელმძღვანელობთ. თუმცა იგივე შეიძლება ითქვა ყველა სხვა ვაქცინაზე, უბრალოდ, ჩვენ ამათზე მეტი ინფორმაცია გვაქვს".

რეპროდუქტოლოგი ამბობს, რომ ბევრი პაციენტი ჰყავს, რომლებმაც აცრა გაიკეთეს და მერე დაორსულდნენ. როგორც ექიმი აღნიშნავს, ყველა ამ შემთხვევაში ორსულობა ჩვეულებრივად, გართულებების გარეშე მიმდინარეობს.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი ანტისხეულები ნანახი იქნა ჭიპლარში და მეძუძური დედის რძეში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გარკვეულწილად, პასიური იმუნიზაცია ხდება, ანუ დედის ვაქცინაცია გარკვეულწილად იცავს ახალშობილს დაინფიცირებისგან", — დასძენს თეონა.

გინეკოლოგი სოფო ბოჯგუა გვიყვება, რომ კოვიდ პანდემიის დაწყებიდან დღემდე მისი პაციენტი ყოფილა ათეულობით წყვილი, რომელიც აცრის შემდეგ აჩენს შვილს. მისი თქმით, ყველა ამ შემთხვევაში ქალები დაორსულდნენ მარტივად, დამატებითი ღონისძიებების გარეშე და ორსულობის პროცესიც სტანდარტულად მიმდინარეობს.

ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა შენი პაციენტი აცრილია და დარწმუნებული ხარ, რომ თუ კოვიდი დაემართა, ძალიან მარტივად გადაიტანს.

სოფო ბოჯგუა, გინეკოლოგი.

სოფო ხაზს უსვამს, რომ აცრაზე და უშვილობაზე თეორიები დიდი ხანია გაბათილებულია.

"თავიდან იყო ჰიპოთეზები და თეორიები. ვინაიდან ვირუსი ახალია, ყველა თეორიას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ დღეს უკვე გვაქვს კვლევები, რომლებიც გვეუბნება, რომ აცრას არ შეიძლება ჰქონდეს რეპროდუქციულ ცვლაზე გავლენა. Pfizer-ისა და Moderna-ს შემთხვევაში იყო საუბარი ქალების პლაცენტის ცილის მსგავსებაზე სპაიკცილასთან, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი აბორტი და ა.შ. მაგრამ ესეც გადამოწმდა მეცნიერულად და ნახეს, რომ კავშირი პლაცენტის ცილასა და სპაიკცილას შორის არ არის. შესაბამისად, ეს თეორიაც მცდარია".

სოფო ბოჯგუა

ფოტო: City Magazine Georgia

სოფო აღნიშნავს, რომ პანდემია რთულია ყველა ადამიანისთვის, მაგრამ განსაკუთრებით საყურადღებოა ორსულობის დროს, რადგან ამას თან ახლავს დამატებითი პასუხისმგებლობა, ასევე, ფიზიოლოგიური, ჰორმონალური და ხანდახან მენტალური სირთულეებიც. ის ორსულებს ურჩევს აუცილებლად აიცრან.

"ორსულისთვის თავისთავად დამახასიათებელია ხშირი სუნთქვა, ტაქიკარდია, ორსულთა რინიტი და ა.შ. მნიშვნელოვანია, აუცილებლად აიცრან რისკის ჯგუფში მყოფი ორსულები, როგორიცაა: გესტაციური დიაბეტის, მაღალი არტერიული წნევის, სხეულის მასის მაღალი ინდექსის მქონე ქალები. ყველა ორსილს ვურჩევ იმუნიზაციას, ვუსურვებ უსაფრთხო და ჯანმრთელ ორსულობას და მეტ აცრილ ადამიანს მათ ირგვლივ".

როგორც მაგალითებიდან, ასევე, სპეციალისტების მონათხრობიდან ჩანს, უშვილობასა და ვაქცინას შორის კავშირის შესახებ მითი მცდარია. ექიმები აცრას გვირჩევენ, რათა დავიცვათ საკუთარი თავი და გარშემომყოფები.

საქართველოში ამ დროისთვის 3 სხვადასხვა ვაქცინაა ხელმისაწვდომი. ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა შეუძლია ყველა მსურველს, 12 წლის ზემოთ. უკვე შესაძლებელია ბუსტერითა და ჩანაცვლებით სარგებლობაც. ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება შეგიძლიათ ვებგვერდზე Booking.moh.gov.ge. გარდა ამისა, აცრა დაშვებულია რეგისტრაციის გარეშეც, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში.

პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

პროექტი "სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა" არის 48-თვიანი პროექტი, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის (EU) მიერ და ხორციელდება ERIM (ყოფილი IREX Europe) და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის (HRHT) მიერ. პროექტის მთავარი მიზანი არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობის და მდგრადობის ხელშეწყობა, რაც მათ საშუალებას მისცემს შეამსუბუქონ COVID-19- ის უშუალო და გრძელვადიანი გავლენა.