ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლები ოპოზიციის მისამართით არის კატასტროფა და ასეთი "ბანძი" შეფასებები არასდროს უნახავს. მისი თქმით, ღარიბაშვილის ლოგიკით არც კახა კალაძე უნდა იყოს თბილისის მერი, რადგან სამტრედიელია. როგორც ის აღნიშნავს, კანდიდატები ღირსების მიხედვით უნდა აარჩიონ და არა საცხოვრებელი ადგილის.

"კატასტროფაა, ღარიბაშვილის ნებისმიერი გამოსვლა არის კატასტროფა. მდაბიო, არ მინდა ეს ტერმინი ვიხმარო, მაგრამ არ ვიცი, სხვა უკეთესი შესატყვისი ვერ მოვუძებნე უბრალოდ, ბანძი შეფასებების მნახველი არა ვარ. თუ ჩვენ მსგავსი შეფასებების ტიპს და მის პარტიას მხარს დავუჭერთ, ჩვენ როგორც ერი კარგა ხანს ვერ შევდგებით ალბათ.

რა გვითხრა ღარიბაშვილმა? გვითხრა, რომ რა უნდა თბილისის მერად კახი კალაძეს, ის ხომ სამტრედიელია და რა უნდა თბილისშიო. მე მინდა ვკითხო ღარიბაშვილს, რა უნდა დედოფლისწყაროელ ბიჭს მისივე ლოგიკით ხონის წილ საქართველოს რომ მართავს. რა უბედურებაა მსგავსი ტიპის, მდაბიო გამონათქვამები, რომ თურმე სენაკელებმა ადამიანები ღირსების მიხედვით კი არ უნდა აირჩიონ, არამედ მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. გადავთარგმნოთ ღარიბაშვილის ნათქვამი და სენაკს კი ნუ მოვარგებთ, თბილისში გადმოვიტანოთ, რა უნდა თურმე სამტრედიელ კალაძეს თბილისის მართვაში, აი, ეს თქვა დღეს", — განაცხადა აკაკი ბობოხიძემ ფორმულას ეთერში.

ირაკლი ღარიბაშვილი რაიონებში წინასაარჩევნო შეხვედრებზე ოპოზიციის მადისკრედიტირებელ განცხადებებს აგრძელებს. პრემიერმინისტრმა სენაკში შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ ენმ-ის სენაკის მერობის კანდიდატს, კობა ნაყოფიას სენაკის მერობა სურს, როცა იქ სახლიც კი არ აქვს. მისი თქმით, თუ ნაყოფია გაიმარჯვებს, ის ხელისუფლების გარეშე "ნაბიჯს ვერ გადადგამს", რადგან ცენტრალური ხელისუფლება მათ ხელშია, ნაყოფიას კი "არანაირი პერსპექტივა არ აქვს".

ამასთანავე, 21 ოქტომბერს ზუგდიდში ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატს, ანზორ მელიას მუნიციპალიტეტის მართვის "წარმოდგენა არ აქვს", ხოლო ქართული ოცნებას "ღირსეული ზუგდიდელი" და "უწესიერესი კაცი" ჰყავს კანდიდატად.

ამავე თემაზე: