მწერლების ბოიკოტის გამო ლიტერას წლევანდელი დაჯილდოების ჩაშლის შემდეგ საქართველოს პენცენტრი სწორედ ამ ლიტერატურული პრემიის მხარდასაჭერად აცხადებს კონკურსს, რომელშიც ლიტერას 2021 წლის კანდიდატებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება.

ამ კონკურსს ერთჯერადი სახე ექნება და 6 ნომინაციაში გამოვლინდება გამარჯვებული:

  • წლის საუკეთესო პროზაული კრებული
  • წლის საუკეთესო რომანი
  • წლის საუკეთესო პოეტური კრებული
  • წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა
  • წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი
  • წლის საუკეთესო დებიუტი

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრემია 5000 ლარის ოდენობით.

საქართველოს პენცენტრი თავის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აზუსტებს, რომ "ლიტერატურული პრემიის კონკურსზე განიხილება მხოლოდ ის წიგნები, რომლებიც წლევანდელ უკვე ჩაშლილ ლიტერაზე იყო წარდგენილი; წიგნის კონკურსზე წარდგენა შეუძლია მხოლოდ გამომცემელს; კონკურსის შედეგებს აფასებს ჟიური, რომელიც 5 წევრისგან შედგება, გამარჯვებული კი ფარული კენჭისყრით გამოვლინდება. ჟიური იტოვებს უფლებას გამონაკლისის სახით ერთჯერადად დაუშვას პრემიის გაყოფა ერთ ან ორ ნომინაციაში. ამ შემთხვევაში საპრიზო თანხაც გაიყოფა ორად".

გამომცემლობებმა კონკურსში მონაწილეობისთვის 2021 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით ელფოსტაზე [email protected] უნდა გაგზავნონ სააპლიკაციო ფორმა.

საქართველოს პენცენტრმა ოქტომბრის დასაწყისში დააანონსა, რომ ლიტერას ჩაშლის პარალელურად დამოუკიდებელ კონკურსს ჩაატარებდნენ, რათა ლიტერატურული პროცესები არ დაზარალებულიყო.

"ლიტერას მხარდამჭერი ერთჯერადი კონკურსის შექმნის მიზანია, მიმდინარე ცენზურის მცდელობით დაზარალებული სამწერლო პროცესის გაძლიერება. ამ პროექტის განხორციელებით გავაძლიერებთ იმ აზრს, რომ ცენზურისადმი დაუმორჩილებლობას და დემოკრატიული პროცესების დაცვას აქვს აზრი. საქართველოს პენცენტრი მწერალთა გაერთიანებაა, რომელიც ამ პროცესს სათავეში ჩაუდგება", — ეწერა ამ სამომავლო კონკურსის მიზნებში.

2015 წლიდან ლიტერატურული პრემია ლიტერა ტრადიციულად კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ფინანსდებოდა სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამის "კულტურის ხელშეწყობა" ფარგლებში. წელს კი კონკურსის გაუქმების მიზეზი მწერლების, ლიტერატორებისა და გამომცემლების პროტესტი გახდა, რაც სამინისტროს მხრიდან ჟიურიში წარმომადგენლის, იოსებ ჭუმბურიძის დანიშვნას მოჰყვა.