მასაჩუსეტსელი პატარძალი საკუთარ სარდაფში განსაკუთრებულ "ძველმანს" გადააწყდა და ეს საქორწინო კაბა იყო, რომელიც ბებიამისს 1961 წელს ეცვა. ელი ლივინგუოთერმა მაშინვე გადაწყვიტა, რომ ნახევარი საუკუნის წინანდელი კაბა მისი საქორწინო სამოსი უნდა გამხდარიყო.

თავდაპირველად 88 წლის ბებო ვერ იჯერებდა, რომ შვილიშვილი მისი ძველი საქორწინო კაბის ჩაცმას მართლა აპირებდა. "ის კაბას ძველ ჩანთაში ინახავდა და ფიქრობდა, რომ მასში არაფერი იყო განსაკუთრებული. მაგრამ ჩემთვის ნამდვილად აღმოჩნდა", — ამბობს პატარძალი.

ფოტო: Mercury Press

მართალია, კაბა სარდაფში 60 წელი ინახებოდა, მაგრამ გასუფთავების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის პატარძალს ზუსტად ერგებოდა და შესანიშნავადაც გამოიყურებოდა.

ელი ლივინგუოთერისთვის ეს კაბა სენტიმენტალური იმ მიზეზითაც იყო, რომ ის საკუთარ ბაბუას არასდროს შეხვედრია: ის ახალგაზრდა, 38 წლის ასაკში გარდაიცვალა. "მათი ქორწინება წარმატებული და ბედნიერი იყო. ასე რომ, კაბის ჩაცმისას ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩემი ქორწინებაც ზუსტად ასე გაგრძელდება", — განაცხადა პატარძალმა Mercury Press-თან ინტერვიუში.

პატარძლის აზრით, ამ "ნათხოვარმა კაბამ" ქორწილს უნიკალური ემოციური ელემენტი შემატა. "გადაწყვეტილება ყველამ მომიწონა და ფიქრობდნენ, რომ ეს ძალიან კარგი ჟესტი იყო", — დასძინა მან.

ბებომ, ცხადია, ქორწილის დღეს ბევრი იტირა.