"რას ნიშნავს უხერხულობას მიქმნის, ეს ჩვენი ვალდებულებაა", — ასე პასუხობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კითხვას, უქმნის თუ არა უხერხულობას მმართველობის მე-9 წლის თავზე ისევ ნაციონალური მოძრაობის კრიტიკა. ამასთან, ღარიბაშვილი იმუქრება, რომ უხერხულობა შეექმნება ფოთის მერობის კანდიდატს, გიგი უგულავას და ოპოზიცის "არ მიეცემა საშუალება და ფუფუნება იმისა, რომ თავისუფლად გადაადგილდნენ და აქ მოსახლეობას ტყუილები ელაპარაკონ".

"რას ნიშნავს უხერხულობას მიქმნის, ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ მოსახლოებას ველაპარაკოთ და ყველა კრიმინალი დაისაჯოს. ეს არის ჩვენი ვალდებულება პირდაპირ და პასუხიმსგებლობა, რომ არ მოვუშვათ ეს ადამიანები ხელისუფლებაში მეორედ. ის უბედურება, რომელიც მათ დააწიეს ქვეყანას, რომ აღარ განმეორდეს, დაწყებული ტერიტორიების დაკარგვით, ოკუპაციით და დამთავრებული ხალხის ჩაგვრით და წამებით, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და არა უხერხულობა", — ამბობს ის.

ამავე კითხვის საპასუხოდ, ღარიბაშვილი ჟურნალისტს პოლიტიკურად ანგაჟირებულს უწოდებს და ეუბნება, რომ უხერხულობა თავად უნდა შეექმნას ტელევიზიის დამფინანსებლების გამო.

"თქვენ პოლიტიკოსი ხართ თუ ჟურნალისტი ხართ? კითხვა დამისვით, კითხვა უნდა დამისვათ, თქვენ ნუ ხართ ანგაჟრებული პოლიტიკურად. თქვენ თუ ხართ ჟურნალისტი მკითხეთ ნებისმიერ თემაზე. მეკითხებით, უხერხულობას ხომ არ მიქმნის, უხერხულობას უქმნის ქართველ ხალხს აი ის მოძალადე ძალა, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ. თქვენი ტელევიზია არის დაფინანსებული მძარცველი, კორუმპირებული კაცის, კეზერაშვილის მიერ და სააკაშვილის მიერ, ეს არ გიქმნით თქვენ უხერხულობას?", — აცხადებს ღარიბაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილი წინასაარჩევნოდ ახლა ფოთში იმყოფება. მან განცხადებების უმეტესი ნაწილი ისევ ნაციონალური მოძრაობის კრიტიკას დაუთმო და აღნიშნა, რომ გიგი უგულავა "ყველაზე თვალსაჩინო კორუმპირებული კაცია".

ფოთში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გიგი უგულავა ქართული ოცნების კანდიდატს, ბექა ვაჭარაძეს უპირისპირდება. ცესკოს მონაცემებით, ხმები ასე გადანაწილდა:

  • გიგი უგულავა — 38.096%;
  • ბექა ვაჭარაძე — 46,846%

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება.