როდესაც გამომძიებლებმა ამერიკელი ცოლ-ქმრის, მათი ერთი წლის შვილისა და ძაღლის ცხედრები კალიფორნიის სალაშქრო ბილიკზე გასულ აგვისტოს იპოვეს, ისინი გაოგნებულები იყვნენ.

მათ ცხედრები პატარა ხეობაში, სახელად Devil's Gulch (ეშმაკის ხეობა), აღმოაჩინეს და ჭრილობები ან სხვა ტრავმული ნიშნები არ აღენიშნებოდათ. დათვალიერების შედეგად არანაირი ნიშანი არ არსებობდა, რომ მათ სიკვდილში სხვა ცხოველი ან ადამიანი ყოფილიყო დამნაშავე.

ორი თვის განმავლობაში ოჯახის გარდაცვალება მისტიკურ ამბად რჩებოდა, მაგრამ ხუთშაბათს ქალაქ მარიპოზას შერიფმა გარდაცვალების მიზეზად ცხელი ამინდი დაასახელა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზედმეტი სიცხის გამო ოჯახი ჰიპერთერმიისა და გაუწყლოებისგან გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ძაღლის გარდაცვალების მიზეზი დადგენილი არ არის, მაგრამ გამომძიებლები ამ შემთხვევაშიც იმავეს ფიქრობენ.

გარდაცვლილი ოჯახის წევრებიდან მამაკაცი 45 წლის იყო და Google-ში დეველოპერად მუშაობდა, ხოლო მისი ცოლი 30 წლის იოგის ინსტრუქტორი გახლდათ. ოჯახი სან-ფრანცისკოდან მარიპოზაში პანდემიის დროს გადავიდა და აქ სხვადასხვა ტიპის უძრავი ქონება შეიძინა.

წყვილი ლაშქრობებში საკმაოდ გამოცდილი იყო და მათ ჰიმალაიმდეც კი მიუღწევიათ, მაგრამ არ იცოდნენ, რომ მათი გარდაცვალების ადგილას 2018 წელს დიდი ხანძარი გაჩნდა, რამაც ტყის საფარი გაანადგურა და იქ ჩრდილი პრაქტიკულად აღარ იყო.

როგორც ჩანს, წყვილმა თან მხოლოდ 2,5 ლიტრი წყალი წაიღო და არც იმის მტკიცებულება არსებობს, ახლომდებარე მდინარიდან წყალი აიღეს თუ არა. ექსპერტებმა მდინარეში ლურჯ-მწვანე წყალმცენარეების მიერ წარმოქმნილი მომაკვდინებელი ტოქსინები აღმოაჩინეს, მაგრამ ეს სიკვდილის მიზეზად ჯერჯერობით არ განიხილება.

ფედერალური აგენტები გარდაცვლილების ტელეფონის კოდის გატეხაზე მუშაობენ და ფიქრობენ, რომ ასე საქმის გამოძიება სწორი მიმართულებით გაგრძელდება. მაგალითად, იმის გაგებას შეძლებენ, ისინი ცდილობდნენ თუ არა საერთოდ დახმარების გამოძახებას.