პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "არ არის ნორმალური". იგი დისკრედიტაციას არაფხიზელ მდგომარეობაზე საუბრითაც ცდილობს. ღარიბაშვილს მსგავსი შინაარსის ტერმინები სააკაშვილის დისკრედიტაციისთვის აქამდეც გამოუყენებია, უსაუბრია ყოფილი პრეზიდენტის ფსიქიკურ მდგომარეობაზეც და გაუღრმავებია სტიგმა.

ღარიბაშვილს ეჭვი არ ეპარება იმედის მიერ გავრცელებული კადრების ავთენტურობაში და კვლავ ამბობს, რომ სააკაშვილი "სამარცხვინოდ შემოიპარა".

"ნახეთ, როგორ სამარცხვინოდ შემოიპარა. თქვენ ახსენეთ, სხვადასხვა პროდუქტები, არაჟანი და ასე შემდეგ, მოკლედ ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს სამარცხვინო სიტუაცია იხილა მთელმა მოსახლეობამ. ამას გარდა, ნახეთ, რომ როგორ რაღაც აშკარად ჩანს, რომ არ არის ფხიზელ მდგომარეობაში და ლაპარაკობს, ბოდავს რაღაც სპეცსამსახურების მიერ გატაცებაზე, მოტაცებაზე.

წარმოიდგინეთ, როგორ მდგომარეობაში ცხოვრობს ადამიანი, როგორ სიტუაციაში, მდგომარეობაშიც არის აი, ამ ვიდეოში, ასეთ მდგომარეობაში, ასეთ არასტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება იგი ახლაც და მთელი მისი გუნდი. სხვა შემთხვევაში, ასეთი ილუზიები რომ არ ჰქონოდა ადამიანს, როგორ შეიძლება, რომ ელემენტარული გათვლა ვერ გაეკეთებინა, აქ რომ შემოდიოდა ასეთი გზით, ქურდულად შემოიპარა და აღმოჩნდა ციხეში, რა ვქნათ, ეს არის რეალობა", — ამბობს ღარიბაშვილი.

21 ოქტომბერს იმედმა გაავრცელა კადრები, რომელშიც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩანს. ტელეკომპანიის მტკიცებით, ეს ვიდეო ტრაილერში არის გადაღებული, როცა სააკაშვილი უკრაინიდან თბილისში მოდიოდა. მათივე მტკიცებით, ეს ექსპრეზიდენტის "ერთ-ერთი სცენარისთვის" წინასწარ ჩაწერილი კადრებია. ვიდეოში სააკაშვილი ამბობს, რომ "ეს არის მოტაცება" და "არ იცის, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები და ვინ უწყობდა ხელს".

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია ტელეკომპანია იმედის მიერ გავრცელებული კადრების ავთენტურობას არ ადასტურებს. მისი თქმით, ამ კადრების გასაჯაროებით პროკურატურამ კანონი დაარღვია.