ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ყველა ქმედება, მათ შორის შიმშილობა და ჩამოსვლა, ფეიკია. კობახიძე ასე გუშინ ტელეკომპანია იმედის მიერ გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა, სადაც მიხეილ სააკაშვილი გატაცებაზე საუბრობს.

"თვითონ ეს სცენარი თავისთავად შეიძლება იმდენად საინტერესო არ იყოს. საინტერესო არის ის, რომ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ამ კაცმა, თუ რას წარმოადგენს ის. ის არის აბსოლუტური ფეიკი ყველაფერში, შიმშილობაშიც ფეიკია, გატაცებაშიც ფეიკია, ჩამოსვლაშიც ფეიკია, ყველაფერში არის ე.წ. ფეიკი", — განაცხადა კობახიძემ.

ამასთანავე, კობახიძე ამტკიცებს, რომ სააკაშვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს და ამას დამაკნინებლად, დამამაცირებლად წარმოაჩენს, რაც სტიგმას აძლიერებს. გარდა იმისა, რომ ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია, შესაძლოა, ქართული ოცნების თავმჯდომარე არასწორ ინფორმაციასაც ავრცელებს და ფსიქიკური პრობლემების სტიგმის გაძლიერებით სააკაშვილის შეურაცხყოფას ცდილობს.

21 ოქტომბერს იმედმა გაავრცელა კადრები, რომელშიც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩანს. ტელეკომპანიის მტკიცებით, ეს ვიდეო ტრაილერშია გადაღებული, როცა სააკაშვილი უკრაინიდან თბილისში მოდიოდა. მათივე მტკიცებით, თუ ქვეყანაში ვერ შემოვიდოდა, სააკაშვილი მისივე "გატაცების სცენარს აამუშავებდა" და კადრები წინასწარ სწორედ ამისთვის ჩაწერა. ვიდეოში სააკაშვილი ამბობს, რომ "ეს არის მოტაცება" და "არ იცის, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები და ვინ უწყობდა ხელს".

ექსპრეზიდენტის ადვოკატი ბექა ბასილაია ვიდეოს ავთენტურობას არ ადასტურებს. მისი თქმით, ამ კადრების გასაჯაროებით პროკურატურამ კანონი დაარღვია და ახლა მანიპულაციისთვის გამოიყენება. მისივე თქმით, ამ თემაზე სამართლებრივი რეაგირება ექნებათ და მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს არ ენდობიან, სურთ ეს ყველაფერი აღრიცხული იყოს იმ დროისთვის, როცა ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო იარსებებს.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, მას წარედგინება ბრალი საზღვრის უკანონო კვეთაზე. მათივე ვერსიით, სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან გემით შემოვიდა ფოთის პორტში.

გაიგეთ მეტი: