მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია ტელეკომპანია იმედის მიერ გავრცელებული კადრების ავთენტურობას არ ადასტურებს. მისი თქმით, ამ კადრების გასაჯაროებით პროკურატურამ კანონი დაარღვია.

21 ოქტომბერს იმედმა გაავრცელა კადრები, რომელშიც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩანს. ტელეკომპანიის მტკიცებით, ეს ვიდეო ტრაილერში არის გადაღებული, როცა სააკაშვილი უკრაინიდან თბილისში მოდიოდა. მათივე მტკიცებით, ეს ექსპრეზიდენტის "ერთ-ერთი სცენარისთვის" წინასწარ ჩაწერილი კადრებია. ვიდეოში სააკაშვილი ამბობს, რომ "ეს არის მოტაცება" და "არ იცის, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები და ვინ უწყობდა ხელს".

"ამ ვიდეოს არც ავთენტურობას, არც რეალურობას არ ვადასტურებ, ამას ხაზი მინდა გაესვას, მაგრამ მთავარი რა არის. გუშინ საღამოს მე გადმომეცა სრული მასალები საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რაც პროკურატურას გააჩნია, მათ შორის ვიდეო ჩანაწერები. ამ მასალების მიხედვით სააკაშვილის მობილური ტელეფონები გადაგზავნილია ექსპერტიზაზე ისე, რომ ამ დრომდე ეს ტელეფონები გახსნილი არ არის, ამ დრომდე ამ ტელეფონებიდან ინფორმაცია მოპოვებული და საქმეზე დამაგრებული არ არის ოფიციალურად. შესაბამისად, რა გამოდის, რომ ტელეიმედს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ტელეფონიდან ჩანაწერები მიაწოდა ისე, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დამაგრებული არ არის, არ წარმოადგენს მტკიცებულებას და გამოიყენება ეს ყველაფერი რაღაც ტიპის საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, მანიპულაციისთვის", — აცხადებს ბასილაია TV პირველის ეთერში.

მისი თქმით, ამ თემაზე სამართლებრივი რეაგირება ექნებათ და მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს არ ენდობიან, სურთ ეს ყველაფერი აღრიცხული იყოს იმ დროისთვის, როცა ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო იარსებებს.

"ეს არის უკანონობა, რაც ჩაიდინა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და იმედმა. ეს არ არის ჟურნალისტის მიერ ინფორმაციის მოპოვება, ეს არის ჟურნალისტური წყაროების გამოყენება პროპაგანდისტული მიზნებით ისეთ მასალის გავრცელებაზე, რაზე წვდომის უფლება არავის არ შეიძლება ქონდეს. აქ არ არის საუბარი იმაზე, ჟურნალისტმა რა ხერხებით მოიპოვა", — განაცხადა მან.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / იმედი

ფოტო: კადრი ვიდეოდან / იმედი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, მას წარედგინება ბრალი საზღვრის უკანონო კვეთაზე. მათივე ვერსიით, სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან გემით შემოვიდა ფოთის პორტში.

გაიგეთ მეტი: