საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საქმეზე ადასტურებს საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე. ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლების საჩივრები, რომლებიც ქართულ მხარეს მათი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებდა.

"სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებები, რუსეთ-საქართველოს ომის საქმესთან დაკავშირებით იმავე სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებასთან ერთად, კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე პოზიციას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

საქართველო განაგრძობს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას მის ხელთ არსებული დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით", — აცხადებენ სამინისტროში.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორცელებდა კონტროლს ამ რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. მისი თქმით, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ამ ფაქტორიდან გამომდინარე, შეუძლებელია რაიმე დარღვევა შეერაცხოს საქართველოს.

ეს გადაწყვეტილება შეაფასა პრეზიდენტმაც. მისი თქმით, ევროპული სასამართლოს განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა.