ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, იუსტიციის მინისტრი არ ასრულებს კონსილიუმის რეკომენდაციას. ასე შეაფასა მან რატი ბრეგაძის განცხადება იმის შესახებ, რომ ჰოსპიტალიზაციის საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილს პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

"ჩვენ მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ შეასრულებდა სამედიცინო კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. ამის მიუხედავად, მან თქვა, რომ მიხელ სააკაშვილის ჰოსპიტალიზება არ მოხდება არცერთ კერძო კლინიკაში, არამედ მოხდება მე-18 დაწესებულებაში, გლდანის ციხეში. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ჯერ ერთი, იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის რეკომენდაციას და მათ უბრალოდ არ სურთ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია.

რაც შეეხება უშუალოდ მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას, ეს, რეალურად, ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში დაამარცხა კრიმინალი, მოათავსონ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ და წაქეზებულ კრიმინალებთან, რაც, ბუნებრივია, ფიზიკურად არ გამოვა. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან უარის თქმა მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზებაზე", — განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

საძაგლიშვილის ინფორმაციით, რუსთავის ციხიდან პატიმრები, ჩვეულებრივ, კერძო კლინიკებში გადაჰყავთ. ადვოკატი განმარტავს, რომ ისინი სააკაშვილისთვის პრივილეგიებს კი არა, სტანდარტულად დაწესებული პრაქტიკის შესრულებას ითხოვენ.

ძალიან კარგად ვიცით ყველამ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებას აქვს ხელშეკრულება კერძო კლინიკებთან და ამ ციხეებიდან, რუსთავის აი ამ დაწესებულებიდან ყოველთვის პატიმარი გადაჰყავთ კერძო კლინიკებში. ანუ, აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ვინმე რაღაცა პრივილეგიას ითხოვს. არა, ეს არის სტანდარტი და მიღებული პრაქტიკა. დამკვიდრებული პრაქტიკა", — განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

გუშინ, 20 ოქტომბერს რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საჭიროების შემთხვევაში, მას არა რომელიმე საავადმყოფოში, არამედ პენიტენციური სამსახურის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ. მას შემდეგ, რაც სააკაშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ ეს არის მინიშნება პროვოკაციაზე, ბრეგაძემ განმარტა, რომ ყველა პატიმრის მიმართ თანასწორი მიდგომა აქვთ.

19 ოქტომბერს, რატი ბრეგაძე აცხადებდა, რომ სააკაშვილის თანხმობის შემთხვევაში, ექიმთა კონსილიუმის ყველა რეკომენდაცია შესრულდებოდა. ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის წევრებმა მიხეილ სააკაშვილი მონახულების შემდეგ მისი პრევენციული ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაციას გასცა.

გაიგე მეტი: