პრემიერმიისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხობში ორი ყოფილი ძალოვნის სახლის გაჩხრეკასა და ერთ-ერთი მათგანის დაკავებაზე აცხადებს, რომ რაც მალე მოხდება ლუსტრაცია ამ ადამიანების და აირჩევენ პარტიულ საქმიანობას, მით უკეთესია მათთვის. ღარიბაშვილის თქმით, პოლიციაც ფსევდო ოფიცრებისგან გაიწმინდება.

"მე მქონდა შემდეგი პოლიტიკა. ვიყავი რა შინაგან საქმეთა, შემდეგ თავდაცვის მინისტრი, ყოველთვის ვეუბნებოდი ჩვენს ოფიცრებს შემდეგს: "თქვენ გაცვიათ მუნდირი და ამ მუნდირს სჭირდება ღირსეული ტარება. ვისაც სურს პარტიული მოღვაწეობა, მაშინ უნდა გაიხადოს მუნდირი და წავიდეს ამა თუ იმ პარტიაში". რაც მალე მოხდება ლუსტრაცია ამ ადამიანების და აირჩევენ პარტიულ საქმიანობას, მით უკეთესი ჩვენთვის. გაიწმინდება პოლიციაც ასეთი ფსევდო ოფიცრებისგან", — განაცხადა ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტმა მას, ასევე, ჰკითხა გადამდგარ პოლიციელის განცხადებაზე, რაზეც პრემიერმინისტრმა უპასუხა, რომ მას ეს არ აინტერსესებს.

მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი ყოფილი პოლიციელი იყო თუ სხვა ნებისმიერი პროფესიის მქონე, დანაშაულზე პასუხს ყველა აგებს.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანა წითლიძემ დღეს განაცხადა, რომ დაკავებულია ლექსო რაფავა, რომელსაც მისი თქმით, იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდეს. წითლიძე ამბობს, რომ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ბედოიძე და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, მამუკა ჭელიძე.

ჩხრეკა ჩატარდა ყოფილი ძალოვანის, რუსლან შამახიას სახლშიც. შამახიას თქმით, წაღებულია მის სახელზე გაფორმებული იარაღი.