პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხობში ორი ყოფილი ძალოვანის სახლის გაჩხრეკასა და ერთ-ერთი მათგანის დაკავებაზე აცხადებს, რომ მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი ყოფილი პოლიციელი იყო თუ სხვა ნებისმიერი პროფესიის მქონე, დანაშაულზე პასუხს ყევლა აგებს.

მთავარი არხის ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ დააკავეს ყოფილი პოლიციელები, რომლებიც მისი შს მინისტრობის დროსაც იყვნენ პოლიციელები და მათ ღირსეულ პოლიციელებად მოიხსენიებდა, რაზეც ღარიბაშვილმა თქვა:

"ასე პირდაპირ რომ ამბობთ, ჩაუდეს იარაღი, ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, მტკიცებულებები. პოლიცია და ჩვენი სამართალდამცავი უწყებები, რა თქმა უნდა, ყველა კანონდარღევაზე აკეთებენ რეაგირებას. რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი იყო ყოფილი პოლიციელი თუ სხვა ნებისმიერი პროფესიის მქონე, თუ ვინმე რამე დანაშაულს ჩადის, ყველა აგებს პასუხს".

ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანა წითლიძემ დღეს განაცხადა, რომ დაკავებულია ლექსო რაფავა, რომელსაც მისი თქმით, იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდეს. წითლიძე ამბობს, რომ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ბედოიძე და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, მამუკა ჭელიძე.

ჩხრეკა ჩატარდა ყოფილი ძალოვნის, რუსლან შამახიას სახლშიც. შამახიას თქმით, წაღებულია მის სახელზე გაფორმებული იარაღი.