პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მინიმუმ 6 წელი იჯდება ციხეში. მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ არ იგეგმება მისი უკრაინისთვის გადაცემა.

"მთავარი დამნაშავე ციხეშია, სააკაშვილი მინიმუმ 6 წელი იქნება ციხეში. მე მოვისმინე, რამდენიმე ჩვენი მხარდაჭერისგან, რომ შეგნებულად ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს 6 წელი არ იჯდება, აპირებენ გადაცემას უკრაინაში და ა.შ. ეს ორივე, ყველაფერი არის გამორიცხული. გამორიცხულია, რომ სააკაშვილი საპატიმროდან გამოვიდეს ვადაზე ადრე. მინიმუმ 6 წელი იჯდება ის საპატიმროში, მინიმუმ, და რა თქმა უნდა, ასევე გამორიცხული არის, სერიოზული კომენტარი არ შეიძლება გავაკეთო, ხომ არ იგეგმება მისი გადაცემა უკრაინისთვის, ეს არის სრული აბსურდი", — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილს აქამდეც უსაუბრია, რომ სააკაშვილი მინიმუმ 6 წელი ციხეში იჯდება, რაზეც 11 ოქტომბერს ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარმა, დევიდ კრამერმა გააკეთა კომენტარი. მან თქვა, რომ პრემიერმინისტრი არ უნდა აკეთებდეს კომენტარს სამართლებრივ საკითხზე.

3 ოქტომბერს პრემიერმინისტრი ციხეში მყოფ ექსპრეზიდენტს დაემუქრა და თქვა, რომ "წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ კიდევ სხვა მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ". მოგვიანებით, ღარიბაშვილმა მისი ეს კომენტარი განმარტა. მისი შეფასებით, ადამიანებმა არასწორად გაიგეს მისი ნათქვამი და მან უბრალოდ თეორიულად განმარტა ის პროცესი, რაც მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენას მოყვებოდა. მისი თქმით, კითხვას "ნახევრად ირონიულად, პოლიტიკურად" უპასუხა.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა და თქვა, რომ საქართველოში იმყოფებოდა. სააკაშვილი უკვე 21 დღეა შიმშილობს.