ქართული ოცნების რუსთავის მერობის კანდიდატი, ნინო ლაცაბიძე ამომრჩევლებს ჰპირდება, რომ მისი არჩევის შემდეგ ლიფტებით სარგებლობა უფასო გახდება. ქალაქის განვითარების 4-წლიანი გეგმის წარდგენისას მან განაცხადა, რომ ეს პროგრამა ძალაში ახალი წლიდან შევა. მისივე თქმით, გეგმავს ამორტიზებული ლიფტების სრულად ჩანაცვლებას.

"ახალი წლიდან რუსთავში ლიფტებით სარგებლობა იქნება უფასო. ძველი ამორტიზებული ლიფტების ახალი ლიფტებით სრულად ჩანაცვლებამდე, ჩემი მერობის პერიოდში, ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა თანხები, რომ ახალი პროგრამის განხორციელება დავიწყოთ. პროგრამას განვახორციელებთ კორპუსის ამხანაგობებთან ერთად და ჩვენ შევძლებთ, რომ ლიფტების ელექტროენერგიის თანხა, რომლის აკრეფა უწევს სამეზობლოს, გადაიხადოს რუსთავის მერიამ. ასევე, ამ პროგრამის ფარგლებში, ამხანაგობებთან შეთანხმებით გავაუქმებ ე.წ. ხურდის ჩასაყრელ ყუთებს და დავიწყებ კიდევ უფრო აქტიურად ძველი ამორტიზებული ლიფტების ახლით ჩანაცვლებას", — განაცხადა მან.

ლაცაბიძემ ასევე თქვა, რომ რუსთავში შეიქმნება ლიფტების მოვლის მომსახურების სერვისი, რათა ლიფტები სრულად განახლდეს.

რუსთავში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ნინო ლაცაბიძე ენმი-ს კანდიდატს, დავით კირკიტაძეს უპირისპირდება. ცესკოს მონაცემებით, ხმები ასე გადანაწილდა:

  • ნინო ლაცაბიძე — 44,839%;
  • დავით კირკიტაძე — 43,544%.

თვითმმართეველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება.