საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე დადასტურებულია, რომ გოგელიას კლინიკაში ადამიანები გრიპის ვაქცინის ნაცვლად, C ვიტამინით აცრეს. მისი თქმით, C ვიტამინის შემთხვევაში ამ პაციენტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ისინი გამოკითხებიან და მოხდება შესაბამისი მონიტორინგი.

მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ ამ კლინიკის საქმე 1 წლის წინ პროკურატურაში იყო გადაგზავნილი და აპირებენ, დაუკავშირდნენ იმის გასარკვევად, რატომ არ მოხდა რეაგირება.

"რეგულირების სააგენტოს არ გააჩნია მანდატი გეგმიურად შეამოწმოს კლინიკები. ამისათვის საჭიროა კანონის ცვლილება და ჩვენ ველოდებით პარლამენტს, იმისათვის, რომ მიიღოს შესაბამისი ცვლილებები და რეგულირების სააგენტოს მიეცეს მანდატი იმისათვის, რომ არა მხოლოდ ლაბორატორიები, არამედ კლინიკებიც შეამოწმოს შესაბამისად, რათა ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ უსაფრთხო სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა", — თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

20 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ გოგელიას კლინიკაში გრიპის ვაქცინის ნაცვლად მოქალაქეები C ვიტამინით აცრეს. კლინიკის პაციენტთა ნაწილი ამბობს, რომ ვაქცინაციაში წინასწარ გადაიხადეს თანხა და ადგილზე მისულებმა სხვა დაზარალებულებისგან გაიგეს, რომ თაღლითური სქემის მსხვერპლნი გახდნენ.

რეგულირების სააგენტომ მომხდარზე მოკვლევა დაიწყო. მათი თქმით, ამ კლინიკას იმუნიზაციის ჩატარების უფლება საერთოდ არ ჰქონდა. გუშინ მათ პრეპარატი ამოიღეს და ექსპერტიზაზე წაიღეს იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს ნამვდილად C ვიტამინი იყო.