მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვით, ექსპრეზიდენტს კერძო კლინიკის ნაცვლად გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანენ, მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება პროვოკაციის მოწყობას გეგმავს. მისივე განცხადებით, აღნიშნული ციხის ადმინისტრაციისა და პენიტენციური სამსახურის წლების პრაქტიკის უარყოფაა.

"ეს არის პირდაპირ იმ პრაქტიკის უარყოფა, რაც აქვს ციხის ადმინისტრაციას და პენიტენციურ სამსახურს მთელი წლების მანძილზე. ეს არის პირდაპირ მინიშნება იმაზე, რომ ისინი აწყობენ პროვოკაციას და მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავენ. სააკაშვილის, რომლის ხელისუფლების პერიოდშიც საქართველოში კრიმინალი დამარცხდა, ახლა ამბობენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში უნდა იქნეს გადაყვანილი, სადაც კარგად რომ გვესმოდეს, არის ათასობის პატიმარი სხვადასხვა საქმეზე და იქ უნდათ მოაწყონ რაღაც "შმოკები", ხელისუფლებას უნდა დადგას პროვოკაციული სცენები", — აცხადებს ბასილაია.

გუშინ, 20 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საჭიროების შემთხვევაში, არა რომელიმე საავადმყოფოში, არამედ პენიტენციური სამსახურის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

მიხეილ სააკაშვილი 21 დღეა შიმშილობს. 19 ოქტომბერს ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილმა ექიმთა მულტიფუნქციურმა ჯგუფმა სააკაშვილის ციხეში პირველად მოინახულა და მისი პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა. იმავე დღეს, სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის ნებართვის შემთხვევაში მას, სავარაუდოდ შაბათს, კლინიკაში გადაიყვანენ.

გუშინ, 20 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან მორიგი წერილი გამოაგზავნა, სადაც წერს, რომ შიმშილობას არ შეწყვეტს, მაგრამ ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე თანახმაა.

გაიგე მეტი: