რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ევროპარლამენტმა სახაროვის პრემიით დააჯილდოვა. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, დევიდ სასოლიმ აღნიშნა, რომ ეს პრიზი ნავალნის უდიდეს სიმამაცეს ადასტურებს. მან რუსეთს ნავალნის გათავისუფლებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

"ის დაუღალავად ებრძვის ვლადიმერ პუტინის რეჟიმის კორუფციას. ეს მას თავისუფლების და თითქმის სიცოცხლის ფასად დაუჯდა", — წერს დევიდ სასოლი.

სახაროვის პრემია, რომელსაც ეს სახელი საბჭოთა მეცნიერისა და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის, ხსოვნის პატივსაცემად ჰქვია, ენიჭებათ ადამიანის უფლებადამცველ აქტივისტებსა და დისიდენტებს მთელ მსოფლიოს მასშტაბით. საპრიზო თანხად 50 000 ევროა გათვალისწინებული.

ევროპარლამენტი სახაროვის პრიზს ყოველწლიურად გასცემს.

ალექსეი ნავალნი ანტიკორუფციული აქტივისტი და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მთავარი პოლიტიკური ოპონენტია.