ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მეორედ ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატთან, ნიკა მელიასთან დებატებში დაჯდომა "აზრსმოკლებულია", რადგან მისი განცხადებით, პირველად ის "სამარცხვინოდ გაექცა დებატებს".

"დებატები უკვე გაიმართა, როგორც მოგეხსენებათ, პირველი ტურის ფარგლებში და ნიკანორ მელია მაშინ სამარცხვინოდ გაექცა დებატებს. მეორედ, ბუნებრივია, მასთან დაჯდომა დებატებში აზრს არის მოკლებული. ამ პირობებში, როდესაც პირველი ტურის წინ ის სამარცხვინოდ გაექცა დებატებს", — აღნიშნა კობახიძემ.

19 ოქტომბერს მელიამ კალაძეს ღია დებატები შესთავაზა. მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ თბილისის პრობლემებზე ისაუბროს, კალაძე "ზიზღის კამპანიაში გადაეშვა". აღსანიშნავია, რომ იგივე პრეტენზია ჰქონდა კალაძეს მისი კონკურენტების, მათ შორის, ნიკა მელიას მიმართაც და ამბობდა, რომ წინასაარჩევნო პროგრამის ნაცვლად ის რეფერენდუმზე საუბრობდა.

საპასუხოდ, კალაძემ მელიას შეთავაზებას "პოპულისტური" უწოდა. "ახლა გაახსენდათ დებატები?! არჩევნებამდე რომ რამდენიმე დღეა დარჩენილი?!", — განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ მელია "დებატებიდან გარბის, სტუდიაში ხულიგნობს და ილანძღება".