დაახლოებით 13.7 მილიარდი წლის წინ, ანუ მაშინ, როცა სამყარო ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო, კოსმოსის წყვდიადში პირველი ვარსკვლავები წარმოიქმნენ და სრულ სიბნელეში სინათლე შეიტანეს. მათ მნათობთა მე-3 პოპულაცია ეწოდებათ და ჯერჯერობით არცერთი მათგანია აღმოჩენილი. ამის მიუხედავად, იტალიაში მდებარე ფლორენციის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ერთ-ერთი ასეთი ობიექტის კვალს მიაგნეს.

სპციალისტთა გუნდმა მას AS0039-ის სახელით ცნობილ ვარსკვლავში მიაკვლია, რომელიც ირმის ნახტომის თანამგზავრ მოქანდაკის ჯუჯა გალაქტიკაშია განლაგებული. ის ჩვენგან 290 000 სინათლის წლითაა დაშორებული და ისეთ ქიმიურ ელემენტებს შეიცავს, რომელიც მან სწორედ ზემოხსენებული პოპულაციის წარმომადგენელი ობიექტისგან მიიღო. მეცნიერთა აზრით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ამ უკანასკნელმა მძლავრი აფეთქება განიცადა, რასაც ჰიპერნოვა ეწოდება.

გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, AS0039 ყველაზე მცირე რაოდენობის ლითონს შეიცავს, რაც ირმის ნახტომის გალაქტიკის გარეთ მდებარე ვარსკვლავებში დაფიქსირებულა. ასევე, რეკორდულად დაბალია ნახშირბადის კონცენტრაციაც.

ვარსკვლავების გაჩენამდე, სამყაროში მძიმე ლითონები არ არსებობდა (ის ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგებოდა). ეს ელემენტები მნათობებში მიმდინარე ბირთვული რეაქციების წყალობით წარმოიქმნენ და კოსმოსში მათი კოლაფსის შედეგად გაიფანტნენ. რაც უფრო ძლიერი იყო აფეთქება, მით უფრო მძიმე მეტალები ყალიბდებოდა.

შესაბამისად, AS0039-ში მიკვლეული ლითონის სიმცირე იმაზე მიანიშნებს, რომ ის უძველესი წარმომავლობის მქონე მოლეკულური ღრუბლისგანაა ფორმირებული, რომელიც ჰიპერნოვას ნარჩენ ქიმიურ ელემენტებს აერთიანებდა. კომპიუტერული სიმულაციების მიხედვით, კოლაფსირებული პირველადი ვარსკვლავი მზეზე 21-ჯერ მასიური იყო, მისი აფეთქებისას გამოთავისუფლებული ენერგია კი 10 x 1051 ერგს უდრიდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.