პარტია ლელოსა და პარტია დროას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დღეს, 20 ოქტომბერს მამუკა ხაზარაძემ და ელენე ხოშტარიამ დოკუმენტს ხელი მოაწერეს, სადაც ითქვა, რომ ისინი ერთიან პლატფორმას, რომელიც კოალიციური მმართველობის გარანტი და პროდასავლური ძალების გაერთიანების ადგილი იქნება.

პარტია ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ერთ პიროვნებას ან ერთ პარტიას გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება აღარ უნდა შეეძლოს.

"შევიკრიბეთ პარტია დროა და პარტია ლელო — საქართველოსთვის, რათა შევქმნათ ერთიანი ფრონტი, შევქმნათ ერთიანი პლატფორმა, იმისათვის, რომ ყველა პროდასავლური ძალა, ყველა მოაზროვნე ადამიანი, ვისაც უნდა ამ ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოყვანა, შემოგვიერთდეს და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში შევქმნათ ყველაზე მთავარი, პროდასავლური, კოალიციური მმართველობა", — თქვა ხაზარაძემ.

პარტია დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ დიდი სიამოვნებით აწერს ხელს იმ პრინციპებს, რომლის გარშემოც ერთიანდებიან. მისი თქმით, პროდასავლური სახელმწიფოს ასაშენებლად საჭიროა ერთობა და კოალიციური მრავალფეროვნება.

"ამ მომენტში ჩვენ, პოლიტიკოსებს, პოლიტიკურ ჯგუფებს, მოქალაქეებს გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. და ეს პასუხისმგებლობა არ არის ან ეკრანებთან პრანჭვა, ან არჩევნებში უბრალოდ მონაწილეობის მიღება — ეს პასუხისმგებლობა არის კარგად დაფიქრება, თუ რა გადაარჩენს ამ ქვეყანას, რა გააჩენს რწმენას იმისა, რომ დიახ, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვართ ის ხალხი, რომელსაც გვაქვს უნარი, ავაშენოთ ერთიანი ეროვნული თანხმობით პროდასავლური, ცივილიზებული, მშვიდობიანი სახელმწიფო. დღეს ეს გადის ორ რამეზე — ერთობა და კოალიციური მრავალფეროვნება", — თქვა ხოშტარიამ.

ღონისძიებაზე ისაუბრეს მეორე ტურებსა და არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვების მნიშვნელობაზეც.