ბევრი ადამიანისათვის დღის გაფუჭება ჩიტის მოულოდნელ "საჩუქარსაც" კი შეუძლია, თუმცა, წარმოიდგინეთ, რა ვითარებაში აღმოჩნდა ინგლისელი კაცი, რომლის თავზეც თვითმფრინავმა ტუალეტის მასა ჩამოცალა. იგი ერთ მშვენიერ დღეს საკუთარ ბაღში იმყოფებოდა, როცა თავის თავზემოთ თვითმფრინავმა გასუფთავება გადაწყვიტა და ასე აღმოჩნდა "მთელი ბაღი, ბაღის ქოლგები და თავად კაცი" მეტად უსიამოვნო მასით დაფარული.

ინფორმაცია, რომელიც BBC-მ გაავრცელა, თავდაპირველად ადგილობრივი საავიაციო ფორუმის სხდომაზე გაჟღერდა. თუმცა, თვითონ ინციდენტი ივლისის თვეში მოხდა ბერკშირის საგრაფოში. საბჭოს წევრის, კარენ დეივისის თქმით, იგი ამ შემთხვევით "შეძრწუნებულია".

ფოტო: Reuters

თვითმფრინავის ტუალეტებში მასა, როგორ წესი, სპეციალურ რეზერვუარებში თავსდება და მხოლოდ ჩამოფრენის შემდეგ იცლება. საბჭოს კიდევ ერთი წევრის, კლიუერ ისტის თქმით, ასეთი შემთხვევები ყოველწლიურად ხდება, როცა თვითმფრინავიდან გაყინულ მასას აგდებენ, თუმცა, ამჯერად, ექსკრემენტები გაყინული არ ყოფილა. საპასუხოდ, ასევე საბჭოს წევრი ჯონ ბაუდენი ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევის მოხდენის შანსი "მილიარდში ერთია", ხოლო გაყინული მასა, შესაძლოა, თბილმა ამინდმა გაალღო.

ჯეფ პექსტონი, რომელიც ავიაციაში 40 წელი მუშაობდა, ადასტურებს, რომ ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია, მას კი "კარგა ხანია, მსგავსი ინციდენტის შესახებ არ სმენია".

დეივისი დასძენს, რომ "ბაღის რამდენიმე ქოლგისთვის" დაზარალებულმა მოქალაქემ ჩივილი და მიყენებული ზიანის ანაზღაურება არ მოითხოვა, ამის ნაცვლად კი, უბრალოდ, "ბედს შეეგუა". თუმცა, მან მაინც სცადა ავიაკომპანიისთვის შემთხვევის შესახებ შეეტყობინებინა. კომპანიამ, რომელიც დეივისის თქმით უცხოურია, ბრალდება თავდაპირველად უარყო, მაგრამ, მოგვიანებით, როცა დაზარალებულმა საბუთად თვითმფრინავის გადაადგილების დრო და მარშრუტი წარუდგინა, მათ აღიარება მოუხდათ.